საზოგადოება

თბილისში, პრაიდის კვირეულის გახსნაზე, ევროკომისარი სიტყვით გამოვა

30 ივნისი, 2023 •
თბილისში, პრაიდის კვირეულის გახსნაზე, ევროკომისარი სიტყვით გამოვა

თბილისში, პრაიდის კვირეულზე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სიტყვით გამოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისი პრაიდი ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დახურული კონფერენციის ფარგლებში ევროკომისარი დამსწრეებს სიტყვით მიმართავს და კვირეულს გახსნის.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, კვირეულში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვა UNDP-ის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდიც.

თბილისში პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება. ორგანიზატორთა თანახმად, კვირეული დახურულ ღონისძიებებს მოიცავს.

პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა”, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ “პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას”.

“გვჯერა, რომ 2023 წლის თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებით:

  • გავაძლიერებთ თემს;
  • ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას;
  • უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას;
  • შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან;
  • წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას”, — ამბობს პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, წელს თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.

კვირეულის ანონსზე დატანილია წარწერა: “სიყვარულს ვერ დაამარცხებ!”

თბილისში პრაიდის კვირეული 2019 წლიდან, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობისა და მუქარების ფონზე აღინიშნება. 2021 წლის ივლისში ძალადობრივი ჯგუფები, რომელთაც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩაშლა სურდათ, ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ დაარბიეს აქტივისტთა ოფისებიც.

რისკების ფონზე, გასული წლის კვირეული დახურული ღონისძიებებით აღინიშნა.

როგორ გაჩნდა პრაიდი? – შეტაკებიდან აღნიშვნამდე

ყველაფერი 1969 წლის ივნისში აშშ-ში დაიწყო, სადაც მაშინ ლგბტ ადამიანებს ჯერ კიდევ მოსაპოვებელი ჰქონდათ მრავალი უფლება. იმ დღეს ნიუ-იორკში, ქრისტოფერის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გეი ბარ “სტოუნვოლში” პოლიცია მორიგი რეიდის ჩატარებას შეეცადა.

ბარი ალკოჰოლის ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, რადგან მაშინ ქალაქის თვითმმართველობა ამ დოკუმენტს არ გასცემდა დაწესებულებებზე, რომლებიც გეი საზოგადოებას ემსახურებოდნენ.

პოლიციამ ბარში მყოფთა დაკავება დაიწყო, შეკრებილთა ნაწილი კი გარეთ გაიყვანეს და ბორკილები დაადეს. History Channel-ის სტატიის თანახმად, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ბორკილებდადებულ ქალს თავში ჩაარტყა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა: ხალხმა ძალოვნების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო. პროცესი მალე სრულმასშტაბიან შეტაკებად იქცა და პოლიციას თავად მოუწია თავდაცვის ზომების მიღება.

მომდევნო კვირის მანძილზე ბართან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ლგბტ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

პროცესებმა ნათელი გახადა, რომ ლგბტ აქტივიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყებოდა, როცა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს უფრო ხმამაღლა და ღიად უნდა მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა.

შეტაკებებიდან 1 წლისთავზე, ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში ათასობით ლგბტ ადამიანი და მათი მხარდამჭერი გამოვიდა. დემონსტრაციებმა ტრადიციის სახე მიიღო და მალე გავრცელდა ჯერ აშშ-ის, შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლოს კი ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა – Pride(ღირსება, სიამაყე).

1999 წლის 11 ივნისს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ივნისი ოფიციალურად გამოაცხადა პრაიდის თვედ.

დღეს პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

მასალების გადაბეჭდვის წესი