ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია თბილისში იმყოფება

19 ივნისი, 2019 • 1197
რუსეთის დელეგაცია თბილისში იმყოფება

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, რუსეთის დელეგაცია ჩამოვიდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რუს დეპუტატებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. თავად გავრილოვი აცხადებს, რომ დაცვა უზრუნველყოფილია ქართული მხარის მიერ, რადგან ის ასამბლეის პრეზიდენტია, ხოლო როცა კერძო პირის სტატუსით ჩამოდის, დაცვით არ გადაადგილდება.

“საქართველოს პარლამენტმა მომიწვია. 2 წლის განმავლობაში წყდებოდა ამ ასამბლეის თბილისში ჩატარების საკითხი. მიგვაჩნია, რომ საქართველო კარგად მოემზადა. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ ვიპოვოთ შესაძლებლობები დიალოგისთვის. მთავარი საკითხები უკავშირდება ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თანამშორმლობას, კულტურასთან და განათლებასთნ დაკავშირებულ თემებს. ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა,  ტურისტების რიცხვი, მაგრამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში ჩამოვრჩებით. ამ სახის თანამშრომლობის საფუძველი, როგორც პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური ფასეულობებია”, – განაცხადა გავრილოვმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, გავრილოვის თქმით, იყო ბევრი უსიამოვნება ორ ქვეყანას შორის, თუმცა ამ პობლემების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან.

“2008 წლის ომი არის ისტორია, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება აფხაზეთის ომში ჩემს მონაწილეობას, წავიკითხე ეს ინფორმაცია, მაგრამ სიცრუეა”, – განაცხადა გავრილოვმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა. “ევროპული საქართველო”, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ბოიკოტს უცხადებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას, რომელიც თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

 

ამავე თემაზე:

რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი