საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა, დასწრებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რომელიც 19 ივნისს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
“საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა მოწვევა აღნიშნულ მიღებაზე, თუმცა მან უარი განაცხადა ამ მიღებაზე დასწრებაზე და მეტიც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, 28 ივნისს ,,ტვ პირველზე“ გავიდა უზუსტობა – ავლაბრის რეზიდენცია, რომელიც ამჟამად ცერმონიების სასახლეა, არაერთხელ ნახსენები იყო როგორც პრეზიდენტის სასახლე, ამასთან, ითქვა, რომ თითქოს ღონისძიებას პრეზიდენტიც ესწრებოდა. ამ საკითხზე განმარტება მან სწორედ ამის გამო გააკეთა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის საზეიმო გახსნა 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა სასახლის შესასვლელთან აქცია გამართეს და რუსეთის დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს.
