რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება. ასამბლეა ხვალ ავლაბრის ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება, სხდომები კი საქართველოს პარლამენტში გაიმართება. რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის თემაა “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”.

ღონისძიებაში დეპუტატები 23 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორისაა გენერალური ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი და რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

“ევროპული საქართველოს” აზრით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობიდან (სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენა კამინსკაია) მინიმუმ სამი დეპუტატი საქართველოში არ უნდა შემოუშვან. გიორგი კანდელაკის თქმით, სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში – დნესტრისპირეთსა და კოსოვოში და იგი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საწინააღმდეგო კამპანიის მედროშედ. რაც შეეხება ალექსეი ჩეპას, კანდელაკის თქმით, ის აქტიურად გამოდის რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებული ქართველებისთის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ, ივან სუხარევი კი გამოირჩევა გამოირჩევა აქტიურობით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში.

“ამ ბატონების შემოშვება, სხვა ყველაფერთან ერთად, უკრაინის მიმართ უაღრესად არამეგობრული ნაბიჯი იქნება”, – აცხადებს კანდელაკი.

აღშანიშნავია, რომ გავრილოვის აფხაზეთის ომში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური ბიორგაფიული ცნობები არაფერს ამბობს.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობაც” უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გასცეს შესაბამისი განკარგულება, რომ სერგეი გავრილოვს არ მიეცეს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა

“ბატონი გავრილოვი, მათ შორის საკუთარი განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სავარაუდოდ, იმყოფებოდა აფხაზეთში ომის დროს და დარღვეული აქვს, ასევე, კანონი ოკუპაციის შესახებ. შესაბამისად, მისი შემოშვება ჩვენს სახელმწიფოში არის რუსეთის სტრატეგიის ხელშეწყობა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ შესაბამისმა უწყებებმა გადაამოწმეს, რუსეთის დელეგაციის წევრებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ და 2 დეპუტატს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

“რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ სერგეი გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. სპეციალურმა ორგანოებმა შეამოწმეს და გვაქვს გადამოწმებული ინფორმაცია. სამადაშვილს რა წყარო აქვს,  არ ვიცი, მოგვცეს და გადავამოწმებთ. იყო ორი დეპუტატი – ალექსანდრე ზატულინი და კიდევ ერთი, რომლის გვარი არ მახსოვს, ვისაც აღმოჩნდა რომ, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ჩვენ პრინციპული პოზიცია დავიკავეთ  და უარი ვუთხარით მათ შემოსვლაზე. გამოხატვის თავისუფლებას კი ვერავის შევუზღუდავთ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ ავუკრძალავთ. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ იორკში დიქტატორები ჩადიან და ჩაუკეტენონ კარები? ეს არის ქაჯობა დიპლომატიაში”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაემოწმებინა ინფორმაცია რუსეთის დელეგაციის წევრების მიერ ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა სუს-ს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, საქართველომ ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოიყენოს საკუთარი ინტერესების დაცვისთვის.

“არ უნდა დაგვაკომპლექსოს ოპოზიციის ობსტრუქციამ და იზოლაციონიზმისკენ მიმართულმა განცხადებებმა, რომ რუსეთი არის ამ ასამბლეის წევრი. რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანზაციის წევრია და ამის გამო ყველგან მონაწილეობაზე უარი ვთქვთ?” – კითხულობს ქუცნაშვილი.

თავად გავრილოვი იმედოვნებს, რომ თბილისის შეხვედრა წარმატებული იქნება.

“ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები. ჩვენ ვაღიარეთ ოსეთიც და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად. ეს იყო ისტორიული მომენტი. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე რაც გვაერთიანებს”, – განუცხადა მან “რუსთავი 2”-ს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა ასე გამოიყურება: ზაქარია ქუცნაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, გედევან ფოფხაძე და ზვიად ძიძიგური.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.