ახალი ამბები

დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ასამბლეა პარლამენტში ტარდება, ხელს კობახიძე აწერს

20 ივნისი, 2019 • 2211
დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ასამბლეა პარლამენტში ტარდება, ხელს კობახიძე აწერს

უზრუნველყოფილ იქნას ღონისძიების ადგილის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის მომზადება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, 20-21 ივნისს დარბაზში უზრუნველყოფილ იქნას დარბაზის გამოყოფა ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად 18 ივნისიდან; დარბაზის პრეზიდიუმის ცენტრში არსებული ტრიბუნიდან (სხდომის თავმჯდომარის ადგილი) არსებული პერსონალური კომპიუტერების აღება”, – ეს არის ამონაწერი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშირისო ასამბლეის რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სამუშაო გეგმიდან.

სამოქმედო გეგმა ტექნიკური ხასიათის დოკუმენტია და მასში გაწერილია სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხები. მათ შორის, გათვალისწინებულია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის (რომელიც სერგეი გავრილოვია) მაღალი კლასის ავტომანქანით უზრუნველყოფა და სხვა.

დოკუმენტი თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კორძაიამ გაასაჯაროვა. “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს, რომ დოკუმენტი ავთენტურია და საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება.

საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე ასამბლეის მასპინძელია.

“6 წელია ჩვენ, ქართული მხარე ვითხოვდით ამას”, – ასე უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას იმის შესახებ, თუ ვისი ინიციატივაა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარება.

გენერალური ასამბლეა თბილისში 19 ივნისს, ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საზეიმოდ საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანამდე ოპოზიციამ (ენმ, “ევროპული საქართველო”) მოითხოვა, არ შემოეშვათ საქართველოში რუსეთის დელეგაციის წევრები და ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი, ოპოზიცია საერთაშორისო ღონისძიების დისკრედიტაციის მცდელობასა და იზოლაციონიზმში დაადანაშაულეს.

დღეს დილიდან გენერალური ასამბლეის პლენარული სესია, როგორც დაგეგმილი იყო, პარლამენტში გაიხსნა და საზოგადოებამ იხილა სურათი, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც ამავდროულად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის სპიკერატში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სხდომა რუსულად მიჰყავდა.

მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ შეთანხმებისამებრ, სხდომა ასამბლეის ბერძენ გენერალურ მდივანს უნდა წაეყვანა და არა გავრილოვს.

“მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა [სერგეი გავრილოვი, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია] თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია”,- აცხადებს თალაკვაძე და არ გამორიცხავს, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედება.

სერგეი გავრილოვს სხდომა დაახლოებთ 1 საათის განმავლობაში მიჰყავდა, დღის წერიგით გათვალისწინებული შესვენების გამოცხადებამდე. შესვენებაზე კი სპიკერატი “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაიკავეს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ჩაშალეს.

პარალელურად საპროტესტო აქცია დაიწყო პარლამენტის შენობასთან. ამის შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება “აღმაშფოთებელ შეცდომად” შეაფასეს, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ოპოზიცია კი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი