ახალი ამბები

გავრილოვი უარყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა – დეკანოზი ჯაღმაიძე

20 ივნისი, 2019 • 2548
გავრილოვი უარყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა – დეკანოზი ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სასულიერო პირებმა ღონისძიების ფარგლებში თბილისში მყოფ რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვს მოსახლეობის “წუხილი და აღშფოთება” გადასცეს ოკუპაციასთან დაკავშირებით.

“ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.

მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით”, – ამბობს ის.

დეკანოზი ჯაღმაიძე ასევე აცხადებს რომ გავრილოვი უარყოფს ცნობას, რომლის თანახმადაც აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა:

“ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო”.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი “უაღრესად ღირსეულს” უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას ცერემონიაზე “იმის გათვალისწინებით”, რომ იქ გავრილოვი იმყოფებოდა.

“შეხვედრიდან აღსნიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ამჟამად მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა იყო უაღრესად ღირსეული.

ბ-ნი ი.კობახიძის სიტყვა შეიცავდა მკაფიო მინიშნებებს, რომ ქვეყნებისათვის მართლმადიდებლობის დეკლარირება არაფრის მომცემია, თუ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, ხელყოფს მეორე მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და ისეთი ფორმატი, როგორიცაა საპარლამენტო სამიტი, ამგვარი უსამართლობის აღმოფხვრას უნდა უწყობდეს ხელს”, – აცხადებს ის.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში 19 ივნისს ჩამოვიდა. იმავე საღამოს ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი ადმინისტრაცია ავლაბარში) გამართულ მიღებას გავრილოვთან და სხვებთან ერთად ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

უკვე დღეს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობდა.

სხდომას გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ფაქტს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა: ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ რუს დეპუტატს იქ არ შემოუშვებენ.

გავრილოვს დარბაზი დაატოვებინეს. უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, დაადასტურა, რომ ღონისძიება პარლამენტში აღარ გაგრძელდება, თუმცა არ დაუზუსტებია, სად განახლდებოდა ის.

სასტუმრო “რედისონთან”, სადაც სავარაუდოდ, გავრილოვი იმყოფება, რამდენიმე საათია, აქცია მიმდინარეობს. მანამდე, პროტესტი პარლამენტთან და მიდ შიგნით მიმდინარეობდა.

დაგეგმილია, რომ 19:00-ზე პროტესტი ისევ პარლამენტთან გაგრძელდეს.

დაძაბულობის ფონზე, გავრილოვის ვიზიტი, ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დაგმო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი