ახალი ამბები

„არ ვაპირებთ ყვითელი ავტობუსებით წასვლას, მოძალადე ჯგუფები გაიყვანონ“ — აქტივისტი

14 ივნისი, 2019 • 1852
„არ ვაპირებთ ყვითელი ავტობუსებით წასვლას, მოძალადე ჯგუფები გაიყვანონ“ — აქტივისტი

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც თბილისის პრაიდის მხარდამჭერი აქცია და ამის პარალელურად ჰომოფობიური აქცია იმართება, პოლიციამ ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობს.

„ჩასვით ყვითელ ავტობუსში და წაიყვანეთ, როგორც ჩვენ გაგყავართ ხოლმე 17 მაისს სხვადასხვა ლოკაციაზე, ასე ჩასვით, მარტყოფის გავლით შემოატარეთ, როგორც ჩვენ გავდივართ ხოლმე, და შემდეგ დავიშლებით მარტივად. ჩვენ არ ჩავსხდებით მაგ ავტობუსში. გამორიცხულია ეს ამბავი“, — უთხრა ჟურნალისტებს გიორგი თაბაგარმა, თბილისის პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

„ყვითელი ავტობუსი არის სირცხვილი ქართული სახელმწიფეობრიობის, რაც მოხდა 2013 წლის 17 მაისს და 2018 წლის 12 და 13 მაისს [ბასიანის აქციებზე]… არ ვაპირებთ, რომ ამაში მონაწილეობა მივიღოთ… გაიყვანონ მოძალადე ჯგუფები და ამის შემდეგ შეგვიძლია, მშვიდობიანად დავიშალოთ აქედან“, — თქვა თაბაგარმა.

გიორგი თაბაგარი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

გიორგი თაბაგარმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აქციის მონაწილეები ელოდებიან ხელისუფლების მხრიდან ძალადობის დაგმობას: „ველოდებით განცხადებებს ხელისუფლებისგან, გაემიჯნონ ძალადობას. განცხადებას იმაზე, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა ადამიანებს არ მოუწიოთ ამ ემოციური წნეხის ქვეშ გავლა, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე“.~


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი