ახალი ამბებისამართალი

ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში უნდა დავაბრუნოთ ლგბტქ ადამიანები – Tbilisi Peride

10 ნოემბერი, 2023 • 2101
ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში უნდა დავაბრუნოთ ლგბტქ ადამიანები – Tbilisi Peride

ორგანიზაცია Tbilisi Pride სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალისხმევით ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ქვიარ თემის უფლებების შესახებ ჩანაწერი დააბრუნონ. საუბარია 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

“ველით უფლებადამცველების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მედიის წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადოების ფართო ჯგუფების მხრიდან პრინციპულ, თანმიმდევრულ და მკაცრ პოზიციას ჩვენი გარიყვის მორიგ, უკიდურესად მავნე მცდელობაზე. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციაში დავაბრუნოთ ლგბტქ ადამიანები და ვაქციოთ ის ინკლუზიურ, ადამიანის უფლებებისა და ევროინტეგრაციის პრინციპების შესაბამის დოკუმენტად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Tbilisi Pride აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების პრინციპებთან და ევროკომისიის რეკომენდაციებთან.

“8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისია წერს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა ინკლუზიური სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი ადამიანების უფლებებს. საქართველომ ასევე უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება თითოეული მოქალაქისთვის”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი შეფასებით, “ქართული ოცნება” ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გაღვივებით ცდილობს გადაფაროს საზოგადოების წინაშე არსებული რეალური პრობლემები.

“ხელისუფლება აწარმოებს რეგრესულ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას და პირდაპირ უარს ამბობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვაზე”, – აცხადებენ Tbilisi Pride-ში.

ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის პირველი, 3-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა დოკუმენტის სამუშაო ვერსია სამოქალაქო სექტორს 1 ნოემბერს წარუდგინა.

ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია. ის გამომდინარეობს პირველი – 2014-2020 ლის სტრატეგიიდან და მისი ლოგიკური გაგრძელებაა. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების განმტკიცება. დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი