ახალი ამბები

I ივლისიდან C ჰეპატიტის კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს – ზოიძე

13 ივნისი, 2019 • 2844
I ივლისიდან C ჰეპატიტის კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს – ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის თქმით, პირველი ივლისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სრულიად უფასო იქნება.

როგორც ზოიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ დრომდე ჩაღრმავებული კვლევები მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის იყო უფასო, დანარჩენ ბენეფიციარებს კი 100-140 ლარის თანაგადახდა უწევდათ. ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ პროგრამაში გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის როლი და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კლინიკაში მივა, სავალდებულო წესით სკრინინგი ჩაუტარდება:

“პირველი ივლისიდან ფინანსური ბარიერი მოიხსენება და სრულად უფასო იქნება. მეორე, რაზეც იყო კრიტიკა, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეზე არ ხდება, ესეც გადაიჭრება. მანდ ძირითადად ლოჯისტიკური პრობლემა იყო, რომ ყველა დაწესებულებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სკრინინგ-ტესტებზე. ეს კომპონენტიც გადაიჭრება და პირველი ივლისიდან ნებისმიერი ადამიანს, რომელიც მივა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, სავალდებულო წესით სკრინინგი ჩაუტარდება [C ჰეპატიტზე]”, – ამბობს ზოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც ცნობილია, პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის მკურნალობა სრულიად უფასოა.


C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში პირველადი შემოწმებით C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა 123 000 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა მკურნალობა მათმა მხოლოდ 40-მა პროცენტმა დაასრულა.

ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

ამავე თემაზე

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი