ახალი ამბები

რატომ არ დაიწყო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია უფრო ადრე

16 მარტი, 2021 •
რატომ არ დაიწყო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია უფრო ადრე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. 2 დღით ადრე, 13 მარტს კი ამოქმედდა ონლაინ პორტალი [Booking.moh.gov.ge], სადაც ვაქცინაციის მსურველ მედპერსონალს ასაცრელად რეგისტრაციის გავლა შეუძლია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 20 საათისთვის “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზის მისაღებად 4 202 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, რაც სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული ასაცრელი მედპერსონალის [46 420 ადამიანი] მხოლოდ 9.1%-ს შეადგენს.

2021 წლის 25 იანვარს NDI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა მხოლოდ 41% ამბობდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებდა.

Booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ წარმოშვა დისკუსია, არის თუ არა მედპერსონალში ვაქცინაციის მიმართ მაღალი ნდობა. კონკრეტულად “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ ხომ არ არის ექიმებში შეკითხვები? ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში არსებული ანტივაქსერული ფონის გათვალისწინებით, მედპერსონალის ჩართულობა და ფართომასშტაბიანი კამპანიები საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ ნდობის ასამაღლებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაციის შესახებ კამპანია

“სამზოგადოების თითოეული ჯგუფისთვის უნდა იყოს კონკრეტული გზავნილები, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან ლოგიკური და სწორი კითხვები აქვს, თუ რატომ მოხდა ასე სწრაფი ტემპებით ვაქცინის გამოგონება და შემდეგ, უკვე ვაქცინაცია. უნდა განიმარტოს, რომ ვაქცინაციამ მხოლოდ დადებითი მოუტანა ყველა იმ ადამიანს, ვინც უკვე აიცრა და ზოგადად, მოსახლეობასაც”, – განმარტავს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობის ამაღლების კუთხით მთავარი როლი მთავრობას აკისრია. ზოიძის განმარტებით, საზოგადოებამდე უნდა მივიდეს სწორი ინფორმაცია, რომ ვაქცინის სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური რისკი.

ის მიიჩევს, რომ ვაქცინაციის კამპანია საქართველოში გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის:

“ყველგან უნდა ისაუბრონ, სადაც შეიძლება ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ლაპარაკი: მედიაში, სოციალურ ქსელებში, შეხვედრებზე. ყველგან, სადაც არის ინტერაქცია, უნდა იყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ვაქცინა გვიცავს და იცავს ჩვენთვის საყვარელ, ახლობელ ადამიანებს. ჩვენ რომ ავიცრებით, ამით დავიცავთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს”, – განმარტავს ზოიძე.

ზოიძის თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს, პირველ რიგში, ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის მაღალი აქტივობა არის მნიშვნელოვანი და ისინი “დემონსტრაციულად უნდა აიცრან”.

ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ ზოიძემ ასევე შეაფასა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პირველ დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ აიცრა. მისი განმარტებით, ის არ ამტყუნებს ტიკარაძეს, რადგან მინისტრი არ არის აქტიური ექიმი და არც რისკჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა იმისთვის, რომ საზოგადოება ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნდეს, როგორც ჯანდაცვის, ასევე პრემიერ-მინისტრის აცრა მნიშვნელოვანია:

“[ტიკარაძე] ახალგაზრდა ადამიანია, არ აქვს რისკები, აქტიური ექიმი არ არის, ფრონტის ხაზზე არაა და სწორია, რომ სანამ ლიმიტირებულია დოზებია, არ დააკლო იმ ადამიანს, ვისთვისაც შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს ეს აცრა. მაგრამ დანარჩენი ექიმები დემონსტრაციულად უნდა აიცრან და შეიძლება, ჯანდაცვის მინისტრსაც, პრემიერ-მინისტრსაც და სხვებსაც ვთხოვოთ აიცრან, რათა დაარწმუნონ ყველა, რომ იკეთებენ იგივე აცრას, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე. მინისტრის არგუმენტი, რომ ლიმიტირებული ვაქცინის პირობებში ურჩევნია ეს დოზა სხვას დაუთმოს, ვისაც უფრო მეტად სჭირდება, სწორია, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი აცრა უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზოიძემ.

ვაქცინაციის მიმართ ნდობის გაძლიერებაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “ლელოს” წევრი, ვატო სურგულაძეც. მისი თქმით, აღნიშნულ კამპანიას სახელმწიფო უნდა ედგას სათავეში.

სურგულაძის განმარტებით, საქართველოში ძალიან ბევრი ანტივაქსერი, იგივე ვაქცინაციის მოწინააღმდეგა და მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც არიან. ამ ვითარებაში კი, სურგულაძის შეფასებით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საინფორმაციო კამპანიების სწორად წარმართვას, რათა საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც ანტივაქსერული მოძრაობების მიერ გავრცელებული ყალბი ამბების საპირწონე იქნება.

“ახლა აქტიურია კამპანია “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ, გავრცელდა ინფორმაციებიც, რომ აღნიშნულ კომპანიას შეუჩერდა ლიცენზიაც, რაც არასწორია. ამას უნდა მოჰყვეს სწორი რეაგირება – ცნობილი სპეციალისტები უნდა გამოვიდნენ და ისაუბრონ ამაზე.

ამუშავდა უნივერსიტეტები, გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულება, ყველგან უნდა ტარდებოდეს შეხვედრები და საზოგადოებასთან უნდა მიმდინარეობდეს პირდაპირი კომუნიკაცია. რაც უფრო გამჭვირვალეს გავხდით პროცესს, მით უფრო მალე დარწმუნდება საზოგადოება, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა”, – განმარტა სურგულაძემ.

მისი თქმით, საინფორმაციო კამპანია ჯერ კიდევ იანვარში უნდა დაწყებულიყო, რათა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონოდა აცრის გაკეთების სურვილი და ვაქცინაციასთან დაკავშირებული შიშები გაბათილებულიყო.

სურგულაძის განმარტებით, პირველ რიგში, კამპანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან უნდა დაწყებულიყო, რადგან ისინი სხვა ადამიანებისთვის მაგალითს წარმოადგენენ. თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზეც არ არის დაგვიანებული და თუ სახელმწიფო აქტიურ კამპანიას დაიწყებს, მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზრდება.

სურგულაძის განცხადებით, ყველა სხვა რესურსთან ერთად, სახელმწიფომ ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების და მის მიმართ ნდობის ამაღლების პროცესში ცნობადი სახეებიც უნდა ჩართოს.

მისი განცხადებით, ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის აცრაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ეს საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ ნდობას გაზრდიდა.

“მინისტრიც უნდა აცრილიყო და მისი მოადგილეებიც. მათაც ეკუთვნით ვაქცინა, რადგან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ კლინიკებთან. იმედია, რომ ისიც [მინისტრი] აიცრება, მაგრამ სულ სხვანაირი სახე ექნებოდა, ვაქცინა რომ პირველივე დღეს გაეკეთებინა თავის მოადგილეებთან ერთად”, – განმარტა სურგულაძემ.

რატომ არ დაიწყო აქტიური კამპანია მის ჩამოტანამდე

ვაქცინაციის პროცესში აქტიური კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეც. ის “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ვაქცინაციის სიკეთეში მოსახლეობის დასარწმუნებლად სწორედ აქტიური საინფორმაციო კამპანიაა საჭირო. მისი განცხადებით, ქვეყანას კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელსაც მიჰყვება NCDC, ჯანდაცვის სამინისტრო და ამ პროცესში ჩართული ყველა ორგანიზაცია.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში დამზადებულია ბროშურები, ვიდეორგოლები და სხვადასხვა საშუალება გამოიყენება იმისთვის, რომ მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ ნდობა გაიზარდოს, თუმცა ამ ყველაფრის გამოყენება ამ დრომდე აქტიურად არ ხდებოდა, რადგან ქვეყანაში ვაქცინა არ იყო ჩამოტანილი:

“ძალიან აქტიური კამპანია არ იყო, რადგან პირველი კითხვა, რაც ამ დროს მოდის, არის, თუ როდის იქნება ვაქცინა. ჩვენ ვიცით, რომ რადგან მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია, ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით იყო გარკვეული შეფერხებები. ახლა უკვე ვიცით, რომ შემოვიდა. ასევე ვიცით, როდის შემოვა მეორე, მესამე პარტიები და კამპანიაც უფრო აქტიური იქნება”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ამ კამპანიის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა მისცენ მოსახლეობას მაგალითი. ასევე, გამყრელიძის განმარტებით, ამ პროცესში “ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადი სახეების ჩართვაც”. თუმცა, შეკითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ ვაქცინაციის დაწყების დღეს არ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ “თითოეული ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას”. მან ეს შეკითხვა “პოლიტიკურ კითხვად” შეაფასა და დამატებით პასუხის გაცემა არ ისურვა.

თავად ტიკარაძის თქმით კი, იმის მიზეზი, რომ დღეს სხვა მედპერსონალის მსგავსად კორონავირუსის ვაქცინა არ გაიკეთა, “ასტრაზენეკას” მიმართ უნდობლობა არ არის. ამის შესახებ ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

“ნამდვილად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა. თუმცა საინტერესოა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომლებთან დაკავშირებითაც ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა სხვა საჯარო პირმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მისი არევა და აქედან გამომდინარე ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა”, – ასე უპასუხა ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი სხვა მედპერსონალის მსგავსად.

ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. გამყრელიძის მსგავსად, გაბუნიამაც განმარტა, რომ ქვეყანაში აქტიური კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან თავად ვაქცინა არ იყო შემოტანილი.

გაბუნიას თქმით, ვაქცინის შემოტანამდე კამპანიის დაწყება “ნაადრევი და რაღაცნაირად არარეალური” იქნებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გაიკეთეს ვაქცინა ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ, გაბუნიამ განმარტა, რომ ისინი ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კატეგორიას მიეკუთვნიან, თუმცა:

“ჩვენ არ ვართ, ბუნებრივია, მაღალი რისკის დონე, როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გავიკეთებთ ამ ვაქცინას. უბრალოდ, ჯერჯერობით უფრო მიზანშეწონილია, რომ გაიკეთოს [ვაქცინა] მაღალი რისკის პერსონალმა, რეანიმაციაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც დავდივართ კლინიკებში და რისკიც მაღალი გვაქვს”, – განაცხადა გაბუნიამ.

ვაქცინაცია ახლა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესისთვის საქართველოში 82 ცენტრია გამზადებული.

მისი თქმით, აცრები არის უფასო და სახელმწიფო აფინანსებს როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს.

გეგმის თანახმად, სამედიცინო მუშაკების შემდეგ მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი პერსონალი უნდა აცრან, რასაც მოსდევს ასაკობრივი კატეგორიები და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები.

ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და სწორედ ამ დღეს ამოქმედდა Booking.moh.gov.ge-ც.

რაც შეეხება კამპანიას, ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია, თუმცა დეტალების მოწოდება ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იწყებს საინფორმაციო კამპანიას.

სამინისტროს განცხადებით, კამპანიის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესში ჩართული ექიმები საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

“ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს . ვაქცინა პანდემიის დასასრულია. სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ მოქალაქე დაცულია ინფიცირებისგან. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა”, – წერია განცხადებაში.

ასევე, სამინისტრო აღნიშნავს, რომ “ასტრაზენეკასს” ვაქცინა 3 თვეზე მეტია, რაც გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება.

ამასთან, დღეს, 15 მარტს, ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებისა და ინფორმაციისთვის ამოქმედდა ახალი ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც დილის 9:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს.

Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი