სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს 2008 წელს გაუჩინარებული სამი პირის  – პლიევის, ხაჩიროვისა და ხუგაევის ძებნის პროცესის დაბლოკვაში ადანაშაულებს. ამასთან, ცხინვალი საქართველოსგან თამაზ გოლოევის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და მის გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც ცხივანლის წარმომადგენელი აცხადებს,  ეს საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდზე განიხილეს.

ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ჟენევის დისკუსიებზე დე ფაქტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ცხოვრებოვმა, სააგენტო „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცხოვრებოვის მტკიცებით, სამი გაუჩინარებული პირის ძებნის პროცესი ქართულმა მხარემ ფაქტობრივად დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში საერთაშორისო კვალიფიციური სპეციალისტებიც მონაწილეობენ.

ბრიფინგზე ცხოვრებოვმა ასევე ისაუბრა თამაზ გოლოევის საქმეზე. მისი მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ჯაშუშობაში დადანაშაულება „აბსურდულია“. დე ფაქტო წარმომადგენლის განცხადებით, გოლოევთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ არც ოჯახის წევრებს, არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს და არც დამოუკიდებელ ადვოკატებს.

მისივე თქმით, გოლოევის ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ, რაც შეშფოთებას იწვევს.

გოლოევის საკითხზე დამატებითი განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დელეგაციის წარმომადგენელმა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საკითხებში, ეგორ კოჩიევმა. მისი თქმით, ცხინვალი საქართველოსგან გოლოევის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას კვლავ მოითხოვს.

კოჩიევის მტკიცებით, გოლოევის საქმე „ფაბრიკაციაა“ და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გოლოევის საქმეზე საქართველოში სასამართლო სხდომები ოთხჯერ გაიმართა. კოჩიევის მტკიცებით, სხდომები დაწყების გარეშე გადაიდო, ხოლო 12 ნოემბრის სხდომის გადადების შემდეგ ახალი თარიღი არ დასახელებულა.

კოჩიევმა ეს გარემოება გოლოევის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ სტუდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სამშობლოში დაბრუნდეს.