ახალი ამბებისაზოგადოება

“კოვაქსის” ვაქცინები ყველას არ ეყოფა, რა კეთდება დანარჩენი 2.4 მლნ დოზის მოსაპოვებლად?

4 მარტი, 2021 • 1377
“კოვაქსის” ვაქცინები ყველას არ ეყოფა, რა კეთდება დანარჩენი 2.4 მლნ დოზის მოსაპოვებლად?

უცნობია, როდის მიიღებს საქართველო “კოვაქს” პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველ დოზებს. თუმცა ფაქტია, რომ 1 400 000 დოზა, რომელიც ხსენებულ პლატფორმაზე საქართველოსთვის არის გამოყოფილი, ქვეყნის მოზრდილი(18+) მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის ორჯერადი აცრისთვის არის საკმარისი. ეს მაშინ, როცა წლის ბოლომდე სახელმწიფოს სურს მოქალაქეთა 60%-ის აცრა.

რას აკეთებს ან რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა ქვეყანას, “კოვაქსის” გარდა, სხვა რეალური ალტერნატივები ჰქონდეს? ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, საჭიროა დამატებითი დოზების ძიება ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, დიპლომატიური არხებით.

ოპოზიცია კოორდინაციის ნაკლებობაზე საუბრობს, სახელმწიფო კი ამბობს, რომ ამას უკვე აკეთებს და წლის ბოლომდე ადამიანთა ხსენებული რაოდენობის აცრაც რეალისტურია, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამისი ოდენობის ვაქცინები გამოჩნდა.

“კოვაქსი”: სად მთავრდება მისი შესაძლებლობები

3 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, “კოვაქსის” მიერ ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის ფარგლებში საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი. ვაქცინების ეს დოზები ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უნდა მიეწოდოს. 1 ადამიანს ორი აცრა ესაჭიროება.

1 თვის წინანდელ დოკუმენტში 184 000 იყო “ასტრაზენეკას” დოზების ის რაოდენობა, რომელიც საქართველოს პირველ ეტაპზე უნდა მიეღო. თუმცა სურათი შეიცვალა.

ვაქცინის სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები. ცხრილი: ჯანდაცვის სამინისტრო

ვაქცინის სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები. ცხრილი: ჯანდაცვის სამინისტრო

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ პლატფორმიდან მიღებული ვაქცინებით მაისამდე სახელმწიფო 80 000-მდე ადამიანის ორჯერად აცრას შეძლებს.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, ჯამში, 2021 წლის ბოლომდე ორჯერადად უნდა აიცრას ზრდასრული მოსახლეობის 60%. ამას, “ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით”, სულ 3 979 327 დოზა სჭირდება.

დღეის მდგომარეობით, საქართველომ “კოვაქსის” პლატფორმიდან 2021 წლისთვის  1 484 400 ვაქცინის დოზა უნდა მიიღოს, რაც მოზრდილი (18+) მოსახლეობის 20%-ის ორჯერადი აცრისთვის არის საკმარისი.

შესაბამისად, ქვეყანამ დარჩენილი 2 494 927 დოზა ალტერნატიული წყაროებით უნდა მოიპოვოს.

რა აბრკოლებს ვაქცინაციის დაწყებას

“კოვაქსის” ფარგლებში “ფაიზერის” 29 250 დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა “დამატებითი მოთხოვნები”, რომლებიც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, “ფაიზერმა” საქართველოსა და სხვა მომლოდინე სახელმწიფოებს წაუყენა.

რაში მდგომარეობს “დამატებითი მოთხოვნები”? ამ საკითხზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პროცესი არა საქართველოს ჯანადცვის სამინისტროს, არამედ თავად მწარმოებელი კომპანიის მიზეზით შეფერხდა.

“აქ ლაპარაკია, რამდენადაც მე ვიცი, ფინანსურ გადაზღვევაზე, რომ თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ იქნება ეკონომიკური ზარალი ფაიზერის შემოტანისა და გამოყენების თაობაზე, ამ ზარალის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა მწარმოებელს, არამედ მიმღებ ქვეყანას.

ეს პუნქტი არ იყო ოფიციალურად გაფორმებული. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იყო გაფორმებული არა საქართველოს, არამედ კომპანიის მიზეზით, რამეთუ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ისინი აყენებდნენ, საქართველოს მხარის მიერ მყისიერად იყო დაკმაყოფილებული.”, — თქვა მან.

გასულ თვეში სახელმწიფომ პირველად გაავრცელა ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ, რომელიც არა “კოვაქსთან”, არამედ, უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმდა. საუბარი იყო “ასტრაზენეკას” 150 000 დოზაზე. ამირან გამყრელიძე მაშინ ამბობდა, რომ მათი მოწოდების თარიღი დამოკიდებული იყო იმაზე, “რამდენად სწრაფად გაფორმდება კონტრაქტები” კომპანიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის.

3 მარტს გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კონტრაქტი უკვე არსებობს, თუმცა პროცესი მაინც ბრკოლდება. მისი თქმით, საქმე ეხება აღნიშნული ვაქცინის მწარმოებელ ერთ-ერთ ქვეყანაში — ინდოეთში — ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ინდოეთის “სერუმის ინსტიტუტმა”, რომელიც ვაქცინას აწარმოებს, თებერვლის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა საჭიროებების გამო, სხვა სახელმწიფოებში “ასტრაზენეკას” ექსპორტი დაიგვიანებდა.

გამყრელიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო “ძალიან აქტიურად მუშაობს” ინდოეთის ხელისუფლებასთან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. უწყების პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დავით ზალკალიანის მოადგილე ინდოეთში იმყოფება და იქ წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს მართავს.

“კოორდინაციაში ტოტალური ჩავარდნაა”

ოპოზიციური პარტიის, “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა თებერვლის დასაწყისში 5 უწყებას მიმართა და მათი მხრიდან ვაქცინების მოპოვებასთან დაკავშირებით განხორციელებული მიმოწერების ასლები მოითხოვა. მათ შორის იყო პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები.

ნაცვლიშვილის თქმით, ამ გზით სურდა შეემოწმებინა, როგორ მუშაობს სახელმწიფო და როგორია კოორდინაციის ხარისხი უწყებებს შორის. “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საგარეო და ჯანდაცვის სამინისტროებისგან პასუხები არ მიუღია, რაც “კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რა ხარისხით არის წარმოებული სამუშაო მათი მხრიდან”.

ანა ნაცვლიშვილი 3 უწყებისგან მიღებული პასუხების საფუძველზე ფიქრობს, რომ “არანაირი კოორდინირებული მუშაობა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და ინსტიტუტებს შორის არ მიმდინარეობდა ვაქცინის მიღების მიზნით”.

“მთავრობამ ეს ამბავი, როგორც ჩანს, მთლიანად გადააბარა ჯანდაცვის სამინისტროს და ხელები დაიბანა, იმიტომ, რომ საპასუხოდ ჩემი წერილისა, მოეწოდებინათ მთავრობის ადმინისტრაციის ნამუშევარი, გადაამისამართეს წერილი მხოლოდ ჯანდაცვაში.

მთავრობის სხდომები უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უნდა ემსჯელათ ამ თემაზე . მთავრობას კოორდინაცია უნდა გაეწია დარგობრივი სამინისტროებისთვის – იქით საგარეოსთვის, აქეთ- ჯანდაცვისთვის და სხვა.

როგორც ჩანს, ასეთი რამ გაკეთებული არ აქვთ და ყველაფერი შეტოვებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს იმედად”, — აცხადებს ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: „ლელო“

პარლამენტიდან მიღებული პასუხის საფუძველზე, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანო “არანაირ საზედამხედველო ფუნქციას რეალურად არ ახორციელებს”. მან წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნა, თუმცა მიღებულ პასუხში მოცემული ცნობები პანდემიის კრიზისის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციას ეყრდნობა. ეს კი “ლელოს” სპიკერს კითხვებს უჩენს:

“ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის საქმე. ისევ გავიმეორებ: საგარეო უწყებას ხომ ძალიან აქტიურად უნდა ემუშავა და სად არის საგარეო საქმეთა კომიტეტი? რატომ არ ფიქრობს, რომ მანაც უნდა განახორციელოს ზედამხედველობა?

სად არის ადამიანის უფლებათა კომიტეტი?.. პანდემია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსაც უქმნის საფრთხეს და ვაქცინა, როგორც მისი პრევენციის ერთ-ერთი აღიარებული საშუალება, შემოგვაქვს თუ ვერ შემოგვაქვს, ამაზე ზედამხედველობა არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ფუნქციაც, მათ შორის.

ჩემთვის მოწერილ წერილში უწერიათ, რომ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საკომიტეტო განხილვას კოვიდ პანდემიის გამოწვევებთან დაკავშირებითო, არა კონკრეტულად ვაქცინასთან დაკავშირებით. კიდეც რომ ჩაინიშნოს ეს სხდომა, ვაქცინა იქნება ერთ-ერთი თემა და არა მთავარი და ცენტრალური. კომიტეტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლომდე უნდა ჩაეტარებინათ ეს სხდომა. მარტია უკვე და ის არ ჩანს”.

კიდევ ერთი, ყველაზე ვრცელი პასუხი ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო. აქ მოცემულია ინფორმაცია 42 სატელეფონო ზარზე, რომელთა ფარგლებშიც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. თუმცა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ამ საუბრების შინაარსი რამდენად იყო კონკრეტულად ვაქცინის მიღება საქართველოში, ეს ბუნდოვანი რჩება”.

“ჩემ მიერ წარმოებული მოკვლევა აჩვენებს, რომ ტოტალური ჩავარდნაა კოორდინაციის, თანამშრომლობის ნაწილში, ზედამხედველობის ნაწილში. ყველა მშვიდადაა, ხელებდაბანილ სიტუაციაში და იჭყლიტება მოქალაქე. ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს, მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძის უპასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ მთელი მთავრობისა და მთელი პარლამენტის ბრალია ეს”, — დასძენს “ლელოს” სპიკერი.

“დაგვანახონ, რომ მუშაობენ”

ოპოზიციური პარტია “ლელოს” მეორე წევრი ვატო სურგულაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, აცხადებს, რომ სახელმწიფომ ყველა შესაძლო ხერხს უნდა მიმართოს დოზების მოსაპოვებლად. ეს გულისხმობს როგორც მწარმოებლებთან, ისე მეგობარ ქვეყნებთან კომუნიკაციას.

“პირდაპირ გეუბნებით, უნდა ავატალახოთ ბრიუსელი, აშშ, მუმბაიში უნდა ჩავიდეთ… უკრაინამ როგორ მოიპოვა 12 მილიონი დოზა ასტრაზენეკა?.. ის ხომ მეგობარი ქვეყანაა? სთხოვონ, თუნდაც 200 000 მომეცი, რომ დავიწყო პროცესი, ექიმები ავცრა…

ყველა უნდა ჩაერთოს. დაწყებული კონსულებითა და ელჩებით იმ ქვეყნებში, სადაც არის წარმოება, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი. ამაზე დიდი გამოწვევა საქართველოს არ ჰქონია”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ვატო სურგულაძე

სურგულაძე არ ფიქრობს, რომ პროცესი სათანადოდ გამჭვირვალეა და მოქალაქეებს სრული ინფორმაცია აქვთ იმაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო პროცესის დროულად დასაწყებად. მისი თქმით, ხარვეზებია პასუხისმგებლობის გადანაწილების კუთხითაც:

“გვაჩვენონ, რომ იმუშავეს, რომ აქვთ მოლაპარაკებები… უნდა დაგვანახონ, რომ მუშაობენ. ჩვენ ექსპერტების ჯგუფი ვართ, ვფიქრობ, არც ისე ცუდი. ჩაგვრთონ პროცესში, დავეხმარებით. პასუხისმგებლობას გავინაწილებთ… [მაგრამ] არა, სრული იგნორი.

პასუხისმგებელი პირები არ არის გამოკვეთილი. ყველა რაღაც კომენტარს აკეთებს. [ვაქცინაციის ეროვნული] გეგმა რომ აქვთ დაწერილი, არც ისე ცუდია, მაგრამ ეს უფრო კონცეფციაა, ვიდრე გეგმა. არ არის მითითებული პასუხისმგებელი პირები”.

“უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდის დასრულდება ვაქცინაცია”

მოსაზრებას, რომ მოქალაქეებმა მეტი უნდა იცოდნენ, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძეც იზიარებს. ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთს” კითხვას, რამდენად კარგად მუშაობს ხელისუფლება დოზების საკმარისი რაოდენობის მოსაპოვებლად.

“ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე და ეს ცუდია, იმიტომ, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რას აკეთებენ. ერთი ვიცით ნოვავაქსზე, მაგრამ სხვა მიმართულებით რას ვაკეთებთ, ესეც მნიშვნელოვანია.

მესმის, რომ ეს მოლაპარაკების კომერციული საიდუმლოა, მაგრამ საზოგადოების ინფორმირება იმის თაობაზე, კონკრეტულად ნაბიჯები რა მიმართულებით იდგმება, ჩემი აზრით, არის აუცილებელი”, — აღნიშნავს ის.

ზოიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა მოელაპარაკოს ნებისმიერ მწარმოებელს, რომელსაც საიმედო პოზიცია უკავია ვაქცინათა გზამკვლევში, საერთაშორისო ავტორიზაციის პერსპექტივის კუთხით. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს დამოკიდებული მხოლოდ ერთ წყაროზე:

“ესაა ამოცანა. მათ შორის დიპლომატიური სამსახური, სხვა არხები, გინდა- კომერციული, გინდა- კერძო სექტორი, გინდა- სახელმწიფო… ყველას ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამ, რომ ეს გააკეთოს და ჩემი აზრით, შეუწყობს კიდეც, ვინაიდან ეს ლოგიკური და რაციონალურია”.

აკაკი ზოიძე, ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

აკაკი ზოიზძე იზიარებს მოსაზრებასაც, რომ პროცესზე პასუხისმგებელ პირთა გამოკვეთა მნიშვნელოვანია, თუმცა დასძენს, რომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში “პასუხისმგებლობის სქემა” უკვე არსებობს. მისი თქმით, მეტი კონკრეტიკა უკვე  მთავრობის ბრძანებებსა და ნორმატიული აქტებში უნდა აისახოს.

“მე მოვუწოდებდი [სახელმწიფოს] კომუნიკაციის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას, რომ ადამიანებს ავუხსნათ, რა კეთდება, რათა ეს გამოწვევა დაძლეული იყოს. ესაა დღეს მთავარი ჩემი აზრით და არა ის, ვაქცინა 1 კვირაში შემოვა თუ 2 კვირაში.

1 კვირის განსხვავებას მნიშვნელობა საზოგადოებისთვის ნამდვილად არ აქვს, თუმცა ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, როდის დავასრულებთ ვაქცინაციას.

დასრულდება ის 10 დეკემბერს თუ 20 დეკემბერს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს… კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვებისგან ჩვენი გათავისუფლება  დამოკიდებულია იმაზე, როდის დავასრულებთ 60-70% მოქალაქეების ვაქცინაციას”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

“მოლაპარაკებები ნოვავაქსთან”, დათმობის მექანიზმი და სხვა — რას აპირებს სახელმწიფო

“ნეტგაზეთმა” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, რას აკეთებს სახელმწიფო ვაქცინის კოვაქსისისგან ალტერნატიული წყაროების საძიებლად. პასუხად მივიღეთ, რომ “ბევრი ბილატერალური [ორმხრივი] მოლაპარაკება მიმდინარეობს ” როგორც მწარმოებელ კომპანიებთან, ისე სახელმწიფოებთან.

მისი განცხადებით, ამერიკულმა კომპანია “ნოვავაქსმა” დაადასტურა, რომ მზად არის, ავტორიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა მიაწოდოს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კონტრაქტები უკვე ფორმდება.

მილიონი დოზის მოწოდების საკითხზე “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, “ეს დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს “ნოვავაქსი” აღიარებას საერთაშორისო მარეგულირებლებისგან”.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე ახსენებს მოლაპარაკებებს “ევროკავშირის წევრ, სულ მცირე, 6 ქვეყანასთან”, ვაქცინის ჭარბი დოზების საქართველოსთვის მოწოდებასთან დაკავშირებით. NCDC-ის დირექტორი არ აკონკრეტებს, რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი.

“რაოდენობები განსაზღვრულია. მათი თანხმობის გარეშე რაოდენობებს ვერ გეტყვით, თუმცა, როგორც გითხარით, ევროკავშირის 6-მდე ქვეყანაა, რომელიც დათმობის მექანიზმზე მოდის და წერილობითი დასტურია. ოღონდ არ ვიცით თარიღები, იმიტომ, რომ მოგეხსნებათ, თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები მისთვის საჭირო დოზების მიღებაზე”, — დასძენს ის.

კითხვას, ბოლოდროინდელი შეფერხებების ფონზე, კვლავ რეალისტურია თუ არა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრის გეგმა, ამირან გამყრელიძე პასუხობს:

“რეალისტური არის, თუ, რა თქმა უნდა, ვაქცინების შესაბამისი რაოდენობები იქნა მოპოვებული. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეს. 60% არ არის დიდი პრობლემა. ამბიციური გეგმაა, თუმცა შესრულებადი, თუ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამაზე”.

NCDC-ის დირექტორი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს პრობლემა აქვს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.

“რით არ ვართ ღია? რომელიმე კითხვაზე არ გიპასუხეთ?” — უპასუხა მან “ნეტგაზეთს”, როდესაც ვკითხეთ, რამდენად ღიაა სახელმწიფო საზოგადოების მიმართ, როცა საქმე ვაქცინების მოპოვების პროცესს ეხება.

მისი თქმით, “კოვიდთან ბრძოლა არის ზეპოლიტიკური საკითხი” და სისტემა მზად არის, რჩევები მიიღოს, თუმცა “რჩევა უნდა იყოს არა ნიშნის მოგებით და პოლიტმიზანშეწონილობით, არამედ რეალური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული”.

ამავე თემაზე

ევროპის ნაწილში 65+ ასაკის მოქალაქეებს ასტრაზენეკას არ უკეთებენ. რას იზამს საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი