ახალი ამბებისაზოგადოება

ქმედითი ნაბიჯი თუ ფასადური რეგულაცია — „მწვანე პასპორტების“ შემოღების ეფექტი

8 ნოემბერი, 2021 • 2741
ქმედითი ნაბიჯი თუ ფასადური რეგულაცია — „მწვანე პასპორტების“ შემოღების ეფექტი

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებით ისარგებლოს.

მსგავსი მოდელი უკვე აპრობირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროპის ქვეყნებში  სერვისების ნაწილით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ორჯერ აცრილ, ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილ და შესაბამის ვადებში აცრილ მოქალაქეებს. უკრაინის დედაქალაქ კიევში კი მწვანე საშვის არმქონე პირები ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.

თუმცა პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოში „მწვანე ბარათი“ ყველა მოქალაქეს ექნება, ვინც კორონავირუსი გადაიტანა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. შეზღუდვები არ იმოქმედებს არც საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას მხოლოდ  სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცენტრო დარბაზები, სამორინეები და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნა ეხება სტუმრებს და არა — მომუშვე ადამიანებს.

რამდენად ეფექტიანი იქნება წარმოდგენილი ფორმით მწვანე პასპორტების ამოქმედება ვაქცინაციის გასაფართოებლად, ამ საკითხზე „ნეტგაზეთი“ ჯანდაცვის ექსპერტებს ესაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული არცერთი ღონისძიების ეფექტიანი აღსრულება არ მომხდარა და საკოორდინაციო საბჭო რეგულაციებს კონტექსტის გაუაზრებლად იღებს:

„ისინი უყურებენ, რა იდეა ხდება პოპულარული ფეისბუკზე და შემდეგ იწყებენ იმის მიხედვით მოქმედებას. ეს სტრატეგიის გააზრებული ნაწილი კი არ არის, რეაქციაა იმაზე, თუ რა იწერება ფეისბუკზე.

სოფელში მწვანე პასპორტს რა აზრი აქვს. სოფლის მცხოვრებელი სად მიდის, სადაც მწვანე პასპორტი სჭირდება?! ჩვენ სად გვყავს ყველაზე დიდი წილი აუცრელი მოსახლეობის?! – სოფლად, რეგიონებში. საბოლოო ჯამში, აბსურდამდე დავდივართ“ ,— ამბობს ჭიაბერაშვილი „ნეტგაზეთთან“.

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილი ხაზს უსვამს, რომ კოვიდგადატანილებისთვის ვადის მოხსნაც აბსურდულია, რადგანაც გასული წლის ზაფხულში ქვეყანაში ვუჰანის შტამი ცირკულირებდა, ახლა კი მთლიანად ვირუსის დელტა შტამმა ჩაანაცვლა:

„2020-ის ზაფხულში ვუჰანის შტამი გადაიტანა ვიღაცამ. ყველამ ხომ ვიცით, რომ ვუჰანის შტამის გადატანა დელტა შტამით ინფიცირების პრევენციას არ ახდენს. გამოდის, რომ შარშან ზაფხულში ვიღაცამ ვუჰანის შტამი გადაიტანა და კოვიდ პასპორტი აქვს ისევე, როგორც ახლა აცრილს და დელტა შტამის გადატანილს —  აბსურდში ვართ“, — მიიჩნევს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი საყოველთაო ვაქცინაციაშია, მათ შორის, საჯარო მოხელეები სავალდებულო წესით უნდა აიცრან. თუმცა ხელისუფლება არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

„ისინი ატარებენ გამოკითხვებს. ხედავენ, რომ უმრავლესობისთვის ვაქცინაცია მოსაწონი იდეა არ არის. ამიტომ აკეთებ იმას, რაც სამედიცინო ჯანდაცვის ან ზოგადად ადამიანურად სწორია, არამედ აკეთებენ იმას, რაც უნდა უმრავლესობას.

უმრავლესობის წარმოდგენა ამ საკითხზე კი დამახინჯებულია იმ პროპაგანდით, რასაც ეწევიან ანტივაქსერები მთელ მსოფლიოში და რასაც ინტენსიურად ეწევა ჩვენთან რუსული პროპაგანდა. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ამას უპირისპირდებოდეს, მათ შექმნეს ინფორმაციული ვაკუუმი.

არ ჩაატარეს კამპანია და ახლა ამ ყალბი ინფორმაციის გამო უმრავლესობას ჰგონია, რომ ვაქცინაცია რთულია. ხელისუფლებას უმრავლესობის განაწყენება არ უნდა, უმრავლესობას კი სჯერა იმ სტერეოტიპის, რაც, საბოლოო ჯამში, შეიქმნა სტერეოტიპი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის შედეგად. ამიტომ, მე მგონია, დღეს რაც დააანონსა ღარიბაშვილმა, ეს არანაირ ეფექტს და გარდატეხას ვაქცინაციის პროცესში არ შეიტანს“ ,— მიიჩნევს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის მწვანე პასპორტების შემოღებას ემხრობა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც. ზოიძისთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება ანალოგიური მოდელის დანერგვა ისეთი პროფესიის ადამიანებში, რომლებსაც ბევრ ადამიანთან აქვთ შეხება, მათ შორის, სამედიცინო და სააღმზრდელო სფეროს მუშაკებში.

ამასთან, ზოიძე ხაზს უსვამს, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც მოქალაქეები მწვანე პასპორტებით შევლენ, პერსონალიც ვაქცინირებული ან კოვიდზე ტესტირებული უნდა დახვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ, ეს ზომები ნაკლებ ეფექტიანი იქნება:

„რეალურად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ ამას ეფექტი ძალიან ნაკლები ექნება, თუ პერსონალიც არ იქნება მწვანე პასპორტის მფლობელი. თუ იქ შესული ადამიანი არ იქნება გამავრცელებელი, ასევე არ უნდა იყოს პერსონალიც ინფექციის გამავრცელებელი.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იგივე ზომები გარკვეულ პროფესიებშიც შემოგვეღო, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ადამიანთან კონტაქტთან, იქნება ეს სამედიცინო სფერო, იგივე ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, სადაც დიდი რისკია გავრცელების. ჩემი აზრით, ეს ნაწილია დღეს ყველაზე უფრო პრობლემატური ამ გადაწყვეტილების გარშემო. მე ვურჩევდი მთავრობას, ამ მიმართულებითაც მიიღონ გადაწყვეტილება“, —  ამბობს აკაკი ზოიძე „ნეტგაზეთთან“.

რაც შეეხება რეგულაციების არგავრცელებას საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ზოიძე მიიჩნევს, რომ აქ აღსრულება გაცილებით რთულია და არანაკლებ ეფექტური იქნება პირბადის ტარების ვალდებულების უფრო მკაცრი კონტროლი.

ზოიძე აცხადებს, რომ იდეალურ სიტუაციაში მწვანე საშვების ტრანსპორტში შემოღებაც კარგი იქნებოდა, თუმცა, ლოჯისტიკური ბარიერებიდან გამომდინარე, შეიძლება ახსნა, რატომ შეიკავა ხელისუფლებამ თავი. ის მიიჩნევს, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი იგივე დარჩა, შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ მოქმედების არეალი გაფართოვდეს.

მისი თქმით, საზოგადოებაში ნაკლები წინააღმდეგობის გამოწვევას ემსახურება ისიც, რომ კოვიდგადატანილები „მწვანე პასპორტით“ ისარგებლებენ მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაიტანეს ვირუსი.

როგორც ზოიძე ამბობს, კორონავირუსის გადატანიდან 3 თვეში ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება და 6 თვეში ხდება მინიმალური, თუმცა „დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი არა აქვს“.

„ერთი რამ ცნობილია, რომ თუ გადაიტანა და პლუს აიცრა, იმუნიტეტი ძალიან მყარი აქვს. ეს იყო საფუძველი,  რატომ მიიღეს 6-თვიანი ინტერვალი სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს აბსოლუტური არ არის. ამასთან, რეინფიცირების მაჩვენებელი ჩვენთან არ არის ისეთი მაღალი, რომ განგაში ავტეხოთ, მათ შორის დელტა შტამითაც. ეს მაჩვენებელი მაღალი რომ იყოს, ეს იქნებოდა მავნებლური გადაწყვეტილება“, — ამბობს აკაკი ზოიძე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ მხოლოდ მოქალაქეების ირიბი იძულება ვითარების სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ არის და საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ჭიაბერაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ „ვაქცინაციის მარათონში“ მხოლოდ NCDC კი არა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ყველა რგოლი უნდა ყოფილიყო ჩართული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასარწმუნებლად:

„მთავრობას ეს საქმე NCDC-სთვის კი არ უნდა მიეგდო, დღეს ერთ სოფელში გადით, ხვალ – მეორეშიო, ამაში უნდა ყოფილიყო, ჩართული თავდაცვის ძალებიდან დაწყებული, სოფლის რწმუნებულით დამთავრებული, უკლებლივ ყველა, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების რგოლის წარმომადგენელი“, — აცხადებს ჭიაბერაშვილი.

აკაკი ზოიძე კი აღნიშნავს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ანტივაქსერული ზეგავლენის ქვეშაა და ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად ახლა ამ ადამიანების გადარწმუნებაა საჭირო:

„იმის პარალელურად, რომ აუცილებელია, კიდევ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა ადამიანების დარწმუნების კუთხით, კარდაკარ უნდა ვიაროთ. ეს დაწყებულია და კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს.

გარკვეული დრო უნდა, რომ ადამიანები გადავარწმუნოთ იმიტომ, რომ უკვე ანტივაქსერული ზეგავლენის ქვეშაა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და გვიწევს არა ინფორმაციის მიწოდება, არამედ გადარწმუნება, რომ ვაქცინა სარგებელს მოიტანს და ერთადერთი გზა პანდემიის დასასრულებლად სწორედ ესაა“, — ამბობს ზოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი