ნეტგაზეთი | კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება – Netgazeti
Batumelebi | RU

კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება

ქუთაისის მერიასთან დღეს, 3 ივნისს, მოქალაქეები საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე ვრცელდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოქალაქეები კოსტავას გადადგომას ითხოვენ. მსგავსი აქცია ქუთაისის მერიასთან 30 მაისსაც გიმართა. ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების პროტესტი სწორედ მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და სოფი ნიკოლეიშვილი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ნანა კოსტავამ ფეისბუკი გააუქმა და დატოვა საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი, თუმცა ფრაქციასა და უმრავლესობაში დარჩა. მან პარასკევს ასევე განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვებდა. 

თუმც, მიუხედავად მისი განცხადებისა, დღეს “იმედდთან” საუბარში კოსტავამ თქვა, რომ მართალია, ძალიან ცუდად გამოუვიდა დაღუპული მოზარდის დაზე ნიშნის მოგებით პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში მისმა ამომრჩეველმა აიძულა, დარჩენილიყო საკრებულოში.

არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ ვიღაცა ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე… ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა. მე მგონი, დავრჩები საკრებულოში და არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, რომ შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონე”, – აცხადებს ნანა კოსტავა.

“ამომრჩეველმა მაიძულა დარჩენა” – ნანა კოსტავა საკრებულოს აღარ ტოვებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან