ახალი ამბები

ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატსაც ტოვებს

31 მაისი, 2019 • 2926
ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატსაც ტოვებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ “ქრონიკას” განუცხადა.

ნანა კოსტავა კვლავ ირწმუნება, რომ არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. მისი თქმით, თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა:

რაღაც ტრაგედია რომ მოუვიდა, კი ვიცოდი, მაგრამ 16 წლის ბავშვი თუ იყო დაღუპული, ნამდვილად არ ვიცოდი. მე მეგონა, სამსახურიდან გაუშვეს ან რაღაცა უსიამოვნება შეხვდა. თუ გესმით ჩემი და ადამიანობისა, ნამდვილად არ ვიცოდი იმიტომ, რომ მეც დედა ვარ და მაგხელა შვილები მყავს. თუ არადა, მე მივიღე ჩემი სასჯელი ყველანაირად. ფრაქციის თავმდჯომარეობა დავტოვე, ფრაქციიდანაც გამიშვეს, ყველა გაემიჯნა ჩემს იმას და ყველაფერი. აუცილებლად საკრებულოსაც დავტოვებ. მე არა ვარ სკამზე მიჯაჭვული პიროვნება… არც ხელფასი, არც სკამი და არც პოპულარობა მიღირს არაფრად.”

ტელეიმედს ნანა კოტავამ უთხრა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საკრებულოს   ოფიციალურად წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.

  • მანამდე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ნანა კოსტავასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას.
  • ნანა კოსტავა დღეს საკრებულოს “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგა.

ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.

ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ნანა კოსტავამ ეს პოსტი კრიტიკული კომენტარების შემდეგ წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

  • ნანა კოსტავა 2017 წლის თებერვალშიც, მაშინ როცა ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ფაქტის შესახებ ნიშნის მოგებით წერდა.

“შვილის დაკარგვა დიდი უბედურებააა… ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად”, – 2017 წლის თებერვალში საჯაროდ დაწერა ნანა კოსტავამ ფეისბუქის პირად გვერდზე. კომენტარებში კი აზუსტებს, რომ ნამდვილად მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე წერს.

“დედამისი ძალიან ყვარებია უფალს ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა….” – ეს უკვე იგივე სტატუსის ქვემოთ ნანა კოსტავას დატოვებული კომენტარია.

ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით გუშინ ინტერნეტში პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის 3 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი