ახალი ამბები

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა

19 ივნისი, 2019 • 971
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ უმრავლესობა დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს მუშაობას.

როგორც ნიკოლოზ ლატარიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ნანა კოსტავა აღარ არის ქართულ ოცნებასთან ასოცირებული, ხოლო სხვა ბერკეტი მის წინააღმდეგ ქუთაისის საკრებულოს არ გააჩნია.

ნანა კოსტავა რჩება საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატატ, თუ შემდეგ არ შეიცვლის პოზიციას. კომუნიკაცია მე პირადად მასთან არ მქონია მას შემდეგ, რაც სკანდალში გაეხვა. საკრებულოს არ აქვს სხვა ბერკეტი, მაგრამ, მე როგორც განვაცხადე, მასთან ერთად ფრაქციაში აღარ გავაგრძელებდი საქმიანობას და მუშაობას. ასეც მოხდა. დღეს მან განცხადებით მიმართა ფრაქციას და დატოვა ქართული ოცნება – კონსერვატორები”, – განუცხადა ნეტგაზეთს ნიკოლოზ ლატარიამ


“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და სოფი ნიკოლეიშვილი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ნანა კოსტავამ ფეისბუკი გააუქმა და დატოვა საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი, თუმცა ფრაქციასა და უმრავლესობაში დარჩა. მან, ასევე, განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.

ნანა კოსტავას განმარტებით, მართალია, ძალიან ცუდად გამოუვიდა დაღუპული მოზარდის დაზე ნიშნის მოგებით პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში მისმა ამომრჩეველმა აიძულა, დარჩენილიყო საკრებულოში.

კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი