ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა სალომე ბარკერის თაობაზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ განმარტებას აქვეყნებს. ის ამბობს, რომ არ იცოდა სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ.
“ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავს დამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს. ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ”, – წერს კოსტავა ფეისბუკზე.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. მოგვიანებით კოსტავამ პოსტი წაშალა.
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სალომე ბარკერს ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის და დაეღუპა.
კოსტავა ნეტგაზეთის ზარებს არ პასუხობს, საკრებულოს წევრისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუ არ იცოდა ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ, თუ არა ნიშნის მოგების, სხვა რა კონტექსტში გამოიყენა სიტყვა “ახლა”.
სალომე ბარკერის სკოლის მოსწავლე და 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები.