გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 26 მაისს ექსკურსიისას დაღუპული მოსწავლის, სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა [პირობითი] მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მოზარდის და, სალომე ბარკერი ავრცელებს.
ბაკრერის ცნობით, კლასის დამრიგებელს პირობითი სასჯელი განესაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ სასჯელს საპატიმროში არ მოიხდის.
ამასთან, სალომე ბარკერის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გარდაცვლილი არასრულწლოვნის, სოფი ნიკოლეიშვილის სპორტის მასწავლებელი უდანაშაულოდ ცნეს.
კლასის დამრიგებელსა და სპორტის მასწავლებელს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულგრილობას გულისხმობს, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2019 წლის 26 მაისს 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკურსიისას ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდა. 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.