ნეტგაზეთი | ძალადობას ვემიჯნებით, მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება – გოლეთიანი ბარკერის ინციდენტზე ძალადობას ვემიჯნებით, მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება – გოლეთიანი ბარკერის ინციდენტზე – Netgazeti
RU | GE  

ძალადობას ვემიჯნებით, მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება – გოლეთიანი ბარკერის ინციდენტზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი ემიჯნებიან აქციაზე მომხდარ დაპირისპირებებსა და ძალადობას. ამის შესახებ გოლეთიანმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც აქციაზე ლგბტ სამკლაურით მყოფ აქტივისტ სალომე ბარკერს გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა სამკლაურის მოხსნა მოსთხოვა და ტერიტორიის დატოვება აიძულა.

გოლეთიანის განცხადებით, სახალხო მოძრაობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით:

“რაღაც დაპირისპირება მომხდარა თურმე გუშინაც, დღესაც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციებს ადგილი და მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ ნაწილში, რომ ჩვენი მოძრაობა ზოგადად ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და საერთოდ ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ ან სხვა შეკრებებსა და სხვა მოედნებზე. ამიტომ ვემიჯნებით იმ დაპირისპირებებს, რაც აქ ხდება ძალადობის ნაწილში”, – განმარტა გოლეთიანმა.

მან კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ აქციაზე თავი შეიკავონ გარკვეული სიმბოლიკის გამომხატველი ნივთების ტარებისგან, გარდა სახელმწიფო სიმბოლიკისა.

“მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციებზე და ეს იქნება იმის პრევენცია, რომ არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები, ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე”, – განაცხადა გოლეთიანმა.


ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ამის მიზეზი მათსა და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის დაპირისპირება გახდა.

კერძოდ, სალომე ბარკერს მკლავზე LGBT სამკლაური ეკეთა, რაც გურამ ფალავნდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა “LGBT პროპაგანდად” შეაფასა” და აქტივისტს ტერიტორიის დატოვება აიძულა.

“რიონის ხეობის მცველებს ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადა 12:00 საათამდე ჰქოდნათ მიცემული. ვინაიდან ვნახე, რომ სათანადოდ არ გამოეხმაურნენ, 12:00 საათზე მოვედი მხარდასაჭერად. ვიფიქრე, ესკალაცია მოხდებოდა და მაგ დროს ბევრი ადამიანი დასჭირდებოდათ გვერდით.

მოვედი ისე, როგორც ვარსებობ ბოლო ორი წელია. ვიდექი ჩემთვის წყნარად, მეგობართან ერთად, რა დროსაც ჩემთან მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი და მითხრა, ეს მოიხსენიო. ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი და ვკითხე, ორგანიზატორი იყო ამ აქციის, თუ რატომ მაიძულებდა სამკლაურის მოხსნას. სხვებმაც დამიწყეს კრიტიკა ჩაცმულობაზე, სამკლაურის მოხსნასაც ცდილობდნენ. იმის გამო, რომ ბევრი იყვნენ, გადავწყვიტე, გავრიდებოდი” ,— განაცხადა სალომე ბარკერმა.

 

ფალავანდიშვილმა LGBT-სამკლაურიან აქტივისტს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი