ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

27 მაისი, 2019 • 2934
ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სკოლის მოსწავლე გუშინ, 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა. საგანგებოს ინფორმაციით, საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები.

სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მათივე თქმით, გუშინ, მაშველების მისვლის დროისთვის, უკვე ბნელოდა, შესაბამისად, ისინი მოზარდის მოსაძებნად წყალში ღრმად ვერ შევიდნენ. დღეს დილითვე კი ძებნაში მყინთავები ჩაერთნენ.

რაც შეეხება თავად უბედურ შემთხვევას, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი სულამანიძის განცხადებით, ბოლო დღეებში წვიმიანობისა და ყინულის დნობის გამო მდინარე ადიდებული იყო. ამ უკანასკნელმა კი გამოიწვია ის, რომ მდინარეში, საბანაო ადგილთან ახლოს, მორევი წარმოიქმნა.

თვითმხილველებს ეჭვი აქვთ, რომ გოგო სწორედ ამ მორევმა ჩაიყოლა. გიორგი სულამანიძე კი ამბობს, რომ ყველა საექსკურსიო ჯგუფი, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში იყო მისული, გააფრთხილეს, რომ სტიქიის გამო ჩანჩქერთან მისვლა უსაფრთხო არ იყო. მისივე თქმით, იმ ჯგუფს, რომელსაც თან ახლდა გაუჩინარებული მოზარდი, ალტერნატიული სალაშქრო ბილიკი შესთავაზეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ფოტო 2018 წელსაა გადაღებული და 26 მაისის ინციდენტთან კავშირი არ აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი