ახალი ამბები

აქ მოსული თითოეული ადამიანის უფლება დაცულია – გოლეთანი

25 მაისი, 2021 • 1112
აქ მოსული თითოეული ადამიანის უფლება დაცულია – გოლეთანი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი მეორედ გამოეხმაურა გუშინ, 24 მაისს, აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა.

გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ კატეგორიულად ემიჯნებიან ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და აქციის მონაწილეებს დაპირისპირებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ შევქმენით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი და ეს არის ქვაკუთხედი, რომელიც ამ მოძრაობას უნდა მოჰყვეს. თუ ჩვენ დავიყოფით სხვადასხვა ჯგუფად, დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება სახალხო მოძრაობა. ვერ იქნება დაცული თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და მათი ხმა გათვალისწინებული. ამიტომ, ამ ნაწილში პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ჩვენ დავიცავთ აქ მოსული, თითოეული ადამიანის უფლებას, რომელიც მათ კონსტიტუციით აქვთ.

რაც შეეხება იმ ნარატივს, რომ თითქოს ჩვენ არ ვემიჯნებით ძალადობას შესაბამისად, გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, ჩვენ ვართ პროცესის შემოქმედი, სადაც სხვადასხვა კრიტიკულად დაპირისპირებული ჯგუფი მოდიოდა, რომელთაც ვუქმნიდით ისეთ გარემოს, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად ახერხებდნენ საერთო საქმის გარშემო გაერთიანებას და საქმის გადაწყვეტაზე კონცენტრირებას”, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა გაითვალისწინონ, რომ პროტესტის ფარგლებში არა ერთმანეთის გამოსასწორებლად, არამედ საერთო პრობლემის გარშემო გაერთიანებისთვის იკრიბებიან. მისი თქმით, ადამიანების თვისებაა, ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები და ამის გამო აქციის მონაწილეები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ.

“აქ დაცულია თითოეული ადამიანის და ჯგუფის ინტერესი. როცა საუბარია, რომ არ იქნას სხვადასხვა სიმბოლიკა გამოყენებული, იქნება ეს პარტიული სიმბოლიკა თუ რაღაც სხვა კუთვნილების ამსახველი სიმბოლიკა, ეს სწორედ იმას ემსახურება, რომ არ მოხდეს პროვოცირება და დაპირისპირება და ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალებმა არ გამოიყენონ ეს პროვოკაციისთვის… რაც შეეხება ძალადობას, ეს არ არის ქრისტიანული მოვლენა და ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას” ,- განაცხადა გოლეთიანმა.

გუშინ, 24 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ამის მიზეზი მათსა და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის დაპირისპირება გახდა.

კერძოდ, სალომე ბარკერს მკლავზე LGBT სამკლაური ეკეთა, რაც გურამ ფალავნდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა “LGBT პროპაგანდად” შეაფასა და აქტივისტს ტერიტორიის დატოვება აიძულა.

მომხდარის შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსლისას განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები ძალადობას ემიჯნებოდნენ და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ მისულიყვნენ სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა სხვა სიმბოლიკებით. აღნიშნულ მოვლენას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების ნაწილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, უფრო მკვეთრი პოზიცია დაეფიქსირებინათ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით.

ვარლამ გოლეთიანის აღნიშნულ გაცხადებას გამოეხმაურა თავად სალომე ბარკერიც. მისი განცხადებით, აქციაზე პროტესტისს შინაარსის მხარდასაჭერად მივიდა, ინციდენტის შემდეგ კი აქციის ორგანიზატორებისგან “ბოლომდე წყნარად ელოდებოდა შეწუხების მინიმალურ სტანდარტს”, თუმცა, მისი თქმით, “არ ჩანს ეს წუხილი”.

“ძალიან კარგად იცის ყველა ორგანიზატორმა, რომ მე იქ არც დროშა მიქნევია და არც ვინმე გამიღიზიანებია, გარდა ისედაც მუდმივად გაღიზიანებული და შარზე მყოფი ჯგუფისა, რომელიც ჩემს მოკლე შორტებზეც ისევე გაღიზიანდა როგორც სამკლაურზე და ზოგადად ჩემს არსებობაზე. ვწუხვარ მომხდარის გამო, მრავალფეროვანი უნდა იყოს პროტესტი, თუ წარმატება გვინდა. არავინ ითხოვდა თქვენი მოთხოვნების შეცვლას ან რამე განსაკუთრებულ ყურადღებას, მე არ მოვსულვარ თქვენს შესაწუხებლად ან “გამოსასწორებლად”, როგორც ამას ვარაუდობთ ამ კომენტარში, ბატონო ვარლამ, მე მოვედი ისე, როგორი ფორმითაც ვარსებობდი აქამდე საჯარო სივრცეში, და მოვედი მხარდასაჭერად. ვწუხვარ, ფალავანდიშვილები თქვენ გაზიანებთ და ამის მიხვედრა არ არის რთული, თუ გსურთ. როცა ინებებთ. ცხადია”, – განაცხადა ბარკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი