ახალი ამბები

რას ნიშნავს გამოცდა სამოქალაქო განათლებაში

24 ოქტომბერი, 2014 •
რას ნიშნავს გამოცდა სამოქალაქო განათლებაში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს განსახილველად სთავაზობს ინიციტივას, რომელიც მისაღებ გამოცდებზე კიდევ ერთი არჩევითი საგნის, “სამოქალაქო განათლების” დამატებას ითვალისწინებს. 

 

“ამ გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია, ეს არის მხოლოდ ინიციატივა. გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი სასწავლებელი, მან უნდა თქვს, სჭრიდება თუ არა ეს საგანი,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მაია მიმინოშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 

 

კითხვაზე, რატომ გაჩნდა ცენტრში ეს ინიციატივა, მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ ეს კითხვა არაადეკვატურია.

 

“ადეკვატური იქნებოდა კითხვა, აქამდე რატომ არ იყო ეს საგანი არჩევითი საგნების ჩამონათვალში. მით უმეტეს, რომ ის სკოლებში სავალდებულო საგნად ისწავლება. შარშან, მაგალითად, ხელოვნების საგანი დავამატეთ ამ არჩევითს საგნებს და ასეთი რეაქცია ამ საკითხს არ მოჰყოლია, სამოქალაქო განათლებისგან განსხვავებით,”- აცხადებს მიმინოშვილი.


შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშულ ინიციატივაზე საუბარი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან უკვე ჰქონდათ და მათგან “პოზიტიური გამოხმაურება” იყო. 

 

“შეუძლებელია სხვა გამოხმაურება ყოფილიყო, რადგან ჩვენ ყველანი კარგად ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხები. შეიძლება ერთი აგური ჩავდოთ იმ საქმეში, რომ სამოქალაქო განათლებას სკოლის პერიოდში უფრო სათანადო ყურადღება მიექცეს.” 


კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ცენტრს სამოქალაქო განათლების გამოცდის დამატებით, მიმინოშვილი ამბობს: 

 

“იგივე კითხვა სხვა არჩევით საგანზეც შეიძლება დავსვათ. მაგალითად, რა მოლოდინი გვაქვს ფიზიკის ან ხელოვნების საგნის ჩაბარებით. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდეს სკოლაში ამ საგანს, ვიდრე დღეს ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა.”

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის ინფორმაციით, სამინისტრო განიხილავს სკოლებში, დაბალ საფეხურზე სამოქალაქო განათლების საგნის დამატებას. 

 

“ჩვენ დავასრულეთ ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და შედარებითი ანალიზი მომზადდა, რის მიხედვითაც ახალი სახელმძღვანელოების მომზადება უნდა დავიწყოთ და, შესაბამისად, მოიაზრება სამოქალაქო განათლების უფრო დაბალი საფეხურიდან სწავლება,”- განუცხადა თამარ სანიკიძემ ნეტგაზეთს. 


ამჟამად სამოქალაქო განათლება სკოლებში სავალდებულო საგნად მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება. მე-11 და მე-12 -ში კი, არჩევით საგნად. 

 

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ “არ არის დასაბუთებული და სათანადოდ გამოკვლეული, რა სარგებელს მოიტანს ამ გამოცდის ჩაბარება.”

 

“სამაგიეროდ ვიცით რისკების შესახებ.”

 

ერთ-ერთი რისკი, რომელზეც განათლების საკითხთა მკვლევარი საუბრობს, არის რეპეტიტორის ინსტიტუტის გაჩენა უკვე ამ საგანშიც. 

 

“არის საგნები, სადაც უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ვისაც ჰყავს რეპეტიტორი, ის უკეთესად ჩააბარებს გამოცდას. ახალი რაოდენობის რეპეტიტორებს გააჩენს ეს.”


რეპეტიტორების საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ასეთი პასუხი აქვს:

 

“ერთი რამე გავითვალისწინოთ. აბიტურიენტს ჩასაბარებლად სჭირდება მხოლოდ 4 გამოცდა. ეს რიცხვი არ იცვლება ამ საგნის დამატებით. ნუ დავსვამთ საკითხს ისე, რომ აბიტურიენტს რაიმე ურთულდება. ეს არ იქნება სავალდებულო, ეს არის უბრალოდ გამრავალფეროვნება ასარჩევი საგნების,”- ამბობს მიმინოშვილი.  

 

კიდევ ერთი რისკი, რომელზეც განათლების სპეციალისტები საუბრობენ, ეს არის ღირებულებების საკითხი. 


“სკოლაში არ ისწავლება ეს საგანი ისე, როგორც სხვა საგნები. ეს არ არის სამეცნიერო საგანი. სამოქალაქო განათლების საგანი გულისხმობს არა მაინცდამაინც დაგროვილი ცოდნის შესახებ სწავლებას, არამედ ღირებულებების ჩამოყალიბებას. გამოცდების შემოღება ორიენტირს უსახავს სკოლებს, დაიწყონ ტესტებზე ორიენტირება, ანუ მნიშვნელობას კარგავს ღირებულებები და ქცევები. ეს დააზიანებს სამოქალაქო განათლების მიზნებს. ასევე მგონია, რომ სამოქალაქო განათლებაში შეჯიბრი არის უაზრო. ამ კომპეტენციების საფუძვლებში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა კი, – უფრო დიდი უაზრობა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჩავატაროთ გამოცდა ადამიანობაში, სადაც კარგი ადამიანები უფრო მოხვდებიან უნივერსიტეტებში ამ გამოცდის საფუძველზე. ამ საგანში არის ფორმალური ნაწილიც – კანონმდებელობა, სახელმწიფოს მოწყობა და ა.შ. მაგრამ არის სხვა ნაწილიც,- თუ როგორ შეიძლება კარიერის დაგეგმვა, რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, საკითხები მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე. ბევრი ისეთი რამეა, რომელიც არ მოითხოვს ცოდნას, მოითხოვს ღირებულებებს. ღირებულებების გამოცდა კი იყო საბჭოთა კავშირის დროს იდეოლოგიის მიხედვით. გამოდის, თუ აბიტურიენტს ეს ღირებულებები აქვს ან პოტენციალი, რომ ეს ღირებულებები ჰქონდეს, ადგილი ექნება უნივერსიტეტში. ეს საგანი სხვა ქვეყნებშიც ისწავლება, მაგრამ არ გამიგია, რომ შეჯიბრი იყოს ამ საგანში და, მით უმეტეს, ამის საფუძველზე უნივერსიტეტში მოხვდნენ,”- ამბობს სიმონ ჯანაშია.

 

განათლების საკითხთა სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა, ზოგადად, გამოცდების რაოდენობის საკითხზე საუბრის გარეშე ჭირს.


“წელს მოსწავლეებს მოუხდა 12 ცენტრალიზებული გამოცდის ჩაბარება. მწარე რეალობაა ქვეყანაში, რომ ვერ ვიპოვეთ ზღვარი, ზომიერი ციფრი, თუ რა რაოდენობის გამოცდების ჩაბარებაა მოსწავლეებისთვის მიზანშეწონილი. 8 ქათის ტიპის და 4 ეროვნული გამოცდა – ეს არის ძალიან დიდი ციფრი, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება ღარიბ მოსახლეობას, ვინაიდან ოჯახები დამატებით ფინანსებს ხარჯავენ, რომ უკეთესი შედეგები აჩვენონ გამოცდაზე. ეს უკეთესი შედეგები კი, შესაძლოა, არ იყოს ობიექტური მაჩვენებელი. მაგალითად, თუ რეპეტიტორთან ემზადება მოსწავლე და გამოცდებში 90 ქულას იღებს, ის კი, ვინც არ ემზადება- 70-ს, არ არის გარანტია იმისა, რომ ის უფრო პროფესიონალი იქნება. არ მინდა იმის თქმა, რომ ტესტები არ უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროში, მაგრამ არა ამ მასშტაბით.

 

გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის ტესტებზე შემოწმება გაუგებარი მგონია. ტესტები არ შეუწყობს ხელს ქმედებას. ეს ყველაფერი ადგილზე უნდა ისწავლებოდეს. იმაზეც მიფიქრია, რომ ზოგადად სამოქალაქო განათლებაში უნდა იწერებოდეს თუ არა ნიშანი. ვფიქრობ, ესეც დისკუსიის საგანი უნდა გახდეს,”- ამბობს თამარ მოსიაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი