ახალი ამბები

საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გაუარესდა – EaP-ის ინდექსი

27 თებერვალი, 2019 •
საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გაუარესდა – EaP-ის ინდექსი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიციები გაუარესდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ინდექსი, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, აფასებს პროგრესს ევროინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი).

ინდექსი ორ განზომილებას მოიცავს: “დაახლოება” და “ურთიერთკავშირი”. დაახლოების განზომილება, თავის მხრივ, დაყოფილია სამ სექციად: დემოკრატია, ევროინტეგრაცია და მდგრადი განვითარება. ურთიერთკავშირის განზომილება კი მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოების, პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას, სექტორული თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს და ევროპაში ქვეყნის მოქალაქეების კომპონენტებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის დაახლოების განზომილებაში საქართველოს ქულა წინა წელთან 0.3 ერთეულით შემცირებულია და მეოთხე ადგილს იკავებს უკრაინის, სომხეთისა და მოლდოვის შემდეგ.

ამასთან, საქართველოს უკუსვლა აქვს აღნიშნული განზომილების სამივე მიმართულებით: დემოკრატიის კომპონენტში მეორე ადგილს იკავებს უკრაინის შემდეგ; ევროინტეგრაციის კომპონენტში მეოთხე ადგილს იკავებს უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის შემდეგ, ხოლო მდგრადი განვითარების კომპონენტში ექვს ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა.

ინდექსის მეორე, ურთიერთკავშირის განზომილებაში კი საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, მოლდოვასთან ერთად.

აღშნული განზომილების სამი კომპონენტიდან ორში (1. საერთაშორისო უსაფრთხოება, პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა და 2. მოქალაქეები ევროპაში) საქართველო პირველ ადგილს იკავებს, ხოლო სექტორული და სავაჭრო თანამშრომლობის კომპონენტში მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება.

დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში

არაფორმალური მმართველობის აღმავლობა, თავისუფალი, მაგრამ პოლარიზებული მედია, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება, დაპირისპირება ლიბერალებსა და ულტრაკონსერვატოვებს შორის, ქრონიზმი და კორუფციის რისკები – ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც საქართველო დგას ანგარიშის თანახმად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს, მოლდოვის მსგავსად, ჰყავს მილიარდერი, რომელიც აკონტროლებს მმართველ პარტიას სახელმწიფო თანამდებობის გარეშე.

“საქართველოს დემოკრატიულმა განვითარებამ, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა. რეფორმები, რომლებიც მართლმსაჯულების, დეცენტრალიზაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების კუთხით მიმდინარეობდა, შეჩერდა და 2017 წლის ბოლოდან სიტუაციის გაუარესება დაიწყო. მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ნაყოფიერია. საქართველო მეოთხე ადგილზეა აღმოსავლეთ პარნიორობის 6 ქვეყანას შორის დაახლოების განზომილებაში. უკუსვლა განპირობებულია მედიის თავისუფლებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის სისუსტით – სიღარიბის აღმოფხვრისა და ჯანდაცვის ინდიკატორების ჩათვლით. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული უვიზო მიმოსვლისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების იმპლემენტაციით”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში მიმოიხილავს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნებს, რომელმაც მმართველი პარტიის ირგვლივ ძალაუფლების კონსოლიდაცია გამოიწვია.

“საკონსტიტუციო რეფორმამ, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა, სახალხო მხარდაჭერა და პოლიტიკური კონსენსუსი ვერ მოიპოვა”, – აღშნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდის კუთხით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი არის 2012 წელს შექმნილი სამუშაო პლატფორმა, რომელიც ადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის ხარისხს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ინდექსი აფასებს პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის პროგრესს მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისაკენ. ასევე, ერთმანეთს ადარებს EaP-ის წევრი ქვეყნების მიღწევებს და ჩამორჩენებს. ინდექსი ეყრდნობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ექსპერტების კვლევებს და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი