ახალი ამბები

ეროვნული პლატფორმა აჩერებს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს

4 აპრილი, 2024 • 1924
ეროვნული პლატფორმა აჩერებს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის დაბრუნების გამო აჩერებს საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს.

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმ „საქართველოს ეროვნულ პლატფორმას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, რითაც, პარლამენტის შეფასებით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის.

მე-10 რეკომენდაცია გულისხმობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მემორანდუმის გაფორმება ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

„დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიციირება გვიჭრის გზას როგორც თანამშრომლობისკენ, ისე — ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი“, — აცხადებს საქართველოს ეროვნული პლატფორმა.

პლატფორმა, რომელიც 200-მდე ორგანიზაციისგან შედგება, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს.

„შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით, აღარ დაბრუნებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.

კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, პლატფორმის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ეროვნული პლატფორმა მოითხოვს, მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიციირებული კანონპროექტი.

„არავის მივცემთ უფლებას, დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი“, — აცხადებენ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები.

პარლამენტსა და ეროვნულ პლატფორმას შორის მემორანდუმი გაფორმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი