ახალი ამბები

„დაბალია საქართველოს შესაბამისობის დონე EU-ს საგარეო პოლიტიკასთან“ – ჰერჩინსკი

26 თებერვალი, 2024 • 721
„დაბალია საქართველოს შესაბამისობის დონე EU-ს საგარეო პოლიტიკასთან“ – ჰერჩინსკი

დღეის მდგომარეობით, დაბალია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობა, თუმცა, თანდათანობით იზრდება. ამის შესახებ დღეს, 26 თებერვალს, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია, ხოლო ბრიუსელი მუშაობს თბილისთან ამ მაჩვენებლის ზრდისთვის. ამ შესაბამისობის ზრდა ერთ-ერთია იმ ცხრა რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

 „ამ მომენტში შესაბამისობის დონე დაბალია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც გაწევრიანებაზე მოლაპარეკებების ფაზაში იმყოფებიან. ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დონე ეტაპობრივად გაიზარდოს და როცა დრო მოვა და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, თბილისის და ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა იდენტური იყოს“, – თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვას, – მინიმალურად შესაბამისობის რა პროცენტული დონეა საჭირო, – ელჩმა ასე უპასუხა:

„ველით, რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს უერთდება, იგივე პოზიციები ჰქონდეს, როგორიც აქვს 27 წევრ ქვეყანას. მიზანი 100%-ია, მაგრამ ვიცით, რომ ამას ერთ დღეში ვერ მივაღწევთ – არის გეოპოლიტიკური სიტუაცია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ველით, რომ თანდათანობით დონე გაიზრდება და ასეც ხდება ბოლო თვეებში“, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი