ახალი ამბები

„მიმდინარეობს დისკუსია, რეალურად რას ნიშნავს ე.წ. ვეტინგი“ – ევროკავშირის ელჩი

26 თებერვალი, 2024 • 894
„მიმდინარეობს დისკუსია, რეალურად რას ნიშნავს ე.წ. ვეტინგი“ – ევროკავშირის ელჩი

ბრიუსელსა და თბილისს შორის მიდის დისკუსია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს მოსამართლეთა „ვეტინგი“, ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და „ვეტინგს“. მიდის დისკუსია ხელისუფლებასთან, რეალურად რას ნიშნავს ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ კოლეგები ევროკომისიიდან ქართველ კოლეგებთან ერთად შეთანხმდებიან, რა უნდა გაკეთდეს – ეს შეფასდება ოქტომბრის გაფართოების ანგარიშში“, – განაცხადა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ“.

რას ნიშნავს ვეტინგი – მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება. ე.წ. ვეტინგი მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას გულისხმობს მათი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად.  ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, ეს საკითხიც არის შესული.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, – ნიშნავს თუ არა მისი პასუხი იმას, რომ თბილისი და ბრიუსელი „ვერ თანხმდებიან, ვეტინგში რა იგულისხმება“, ჰერჩინსკიმ უპასუხა: „ვამბობ, რომ მიდის ინტენსიური კონსულტაციები ყველა ცხრა რეკომენდაციაზე. მათ შორის ვეტინგზე“. დამატებით კითხვებს ამ თემაზე ელჩმა აღარ უპასუხა.


8 თებერვალს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება „ვეტინგის“ მექანიზმს, ვინაიდან ის ანტიკონსტიტუციურია.

ამ თემაზე გირჩევთ

რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი