ახალი ამბები

საპატრიარქო ითხოვს, რომ მუცლად მყოფ ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს

22 თებერვალი, 2019 •
საპატრიარქო ითხოვს, რომ მუცლად მყოფ ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს

საპატრიარქოს უნდა, რომ მუცლად მყოფ ჩანასახს სამართლებრივი, სამოქალაქო სტატუსი კანონმდებლობით მიენიჭოს.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ ინიციატივაზე საუბრობს, მღვდელმსახური გიორგი ფირცხელანია.

„ჩვენი შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბავშვის სტატუსი განისაზღვროს, რომ ის წარმოჩნდეს და მისი სტატუსი განისაზღვროს, როგორც ჩანასახში არსებული პიროვნების. ასე არის ქრისტიანულადაც, ასე არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ კონსტატირებული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის,“ – განაცხადა  მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა.

გიორგი ფირცხელანი სწორედ ის პირია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოჯახური ძალადობის საქმეებში მღვდლების მედიაციის შესახებ ინიციატივა გაახმიანა. მაშინ მღვდელმსახურმა დასძინა, რომ :

ზოგადად, აუცილებელია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით სამართალდამცველები გარკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა – ძალადობა. [ეს ორი რამ] უნდა გაიმიჯნოს, რათა არ მოხდეს მათი აღრევა, იმიტომ, რომ ესენი აბსოლუტურად სვადასხვა ცნებებია. კონფლიქტი სხვაგვარად უნდა აღოიფხვრას, ხოლო ძალადობა, რა თქმა უნდა, აღიკვეთოს,”

გარდა გიორგი ფირცხელანისა, ჩანასახისთვის სამოქალაქო სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელია. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობის უფლებას, ამიტომ, აბორტის აკრძალვის საკითხის განვრცობა შეიძლება.

“მნიშვნელოვანი არის ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს ჩანასახის მემკვიდრეობით უფლებას, ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე – ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ,“ – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ის აღიარებს ქალის უფლებას, ჩაიტაროს აბორტი, თუმცა, რიგი შეზღუდვებით. კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ვკითხულობთ:

“12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით”. 

12 კვირამდე აბორტი დაშვებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი