ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე პროფესორი ეხმაურება სტუდენტთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას შიმშილობის დაწყების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ზედანია თანამდებობაზე დარჩება.
პროფესორები წუხილს გამოხატავენ პროცესების ამგვარად განვითარების გამო და დასძენენ, რომ აღნიშნული ვითარება გიორგი ქადაგიძის მიერ “ულტიმატუმის ენით საუბარმა” შექმნა. პროცესის დასტაბილურების მიზნით, განცხადების ხელმომწერნი სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილს იმის თაობაზე, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა ასეთი რადიკალური სახე მიიღო.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სათავე დაუდო ბატონი გიორგი ქადაგიძის მიერ ულტიმატუმების ენით საუბარმა. ჩვენთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი მიზნით ახალგაზრდების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.
მივიჩნევთ, რომ პროცესების ასეთი რადიკალიზაცია პირდაპირ არის მიმართული უნივერსიტეტის თავისუფალი და პლურალური სივრცის, მისი ავტონომიის ხელყოფისკენ და აფერხებს ინსტიტუციური განვითარების პროცესებს.
ვთავაზობთ სტუდენტებს, შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან, რათა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად.
ვფიქრობთ, რომ სტუდენტების ყველა შემოთავაზება განხილულ უნდა იქნეს სადისკუსიო წინადადებების ფორმით, რათა სამუშაო პროცესის შედეგად უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარების გზაზე”.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა გიგა ზედანიას თანამდებობის დატოვებისთვის ვადა დაუწესა. სტუდენტები განმარტავენ, რომ თუ რექტორი 15 თებერვლის 22:00 საათამდე არ გადადგება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.
31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.
ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.
მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.
4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.