ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ შემდეგი მიზეზებით მოითხოვა: გაუმართავი სილაბუსები; შეფასების სისტემა; სტუდენტების მომზადების დაბალი დონე და ლექტორთა კვალიფიკაციის საკითხი.
“აკადემიურმა საბჭომ მიიჩნია, რომ დეკანის მიერ დასახელებული პრობლემების გადაჭრა მის კომპეტენციას არ სცილდება. განსაკუთრებით უცნაური იყო მისი ეს დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესის სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა ბიზნესის სკოლის სტრატეგიის განხორციელების ანგარიში, სადაც ეს საკითხები არ იყო იდენტიფიცირებული როგორც პრობლემები,”-წერია აკადემიური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბჭოს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენება არ მოხდა, ხოლო კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ქადაგიძესა და ქეთევან ლაკირბაიას მედიაციის ფორმატი შესთავაზეს. აკადემიური საბჭოს მტკიცებით, ამ ფორმატში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა კანცლერმა, ხოლო ქადაგიძემ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.
“სასწავლო პროცესს ბუნებრივად თან ახლავს გამოწვევები, რაც უკავშირდება სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების განახლებას, აკადემიურ მოსწრებაზე მონიტორინგს, მოწვეული ლექტორების და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას და სხვა საკითხებს, რაზე ზრუნვაც დეკანის პირდაპირი მოვალეობაა”.
საბჭოს თანახმად, ქადაგიძე ასევე საუბრობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიც იყო ბიზნესის სკოლის არასაკმარისი ფართი, სტუდენტური სივრცეების დეფიციტი, უსადენო ინტერნეტის არასაკმარისი სიჩქარე, გარკვეული სანიტარული პრობლემები და შესყიდვების პროცესის გაჭიანურება. როგორც უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს განცხადებაში წერია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საბჭოს განუმარტა, რომ დაწყებული იყო ინტერნეტის როუტერების შესყიდვის პროცესი. მოთხოვნათა ნაწილი კი, ლაკირბაიას შეფასებით, არარელევანტური იყო.
“შესყიდვების პროცესის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება შესყიდვების შესახებ სახელმწიფო კანონმდებლობას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში გულისხმობს ტენდერების სავალდებულო ჩატარებას და სხვა უწყებებთან სავალდებულო კოორდინაციას, რაც, ბუნებრივია, აჭიანურებს შესყიდვების პროცესს”.
საბჭოში განმარტავენ, რომ დაგეგმილი მენეჯმენტის, ტექნოლგიისა და განათლების ფაკულტეტი (რომლშიც ბიზნესსკოლაც გაერთიანდება) სტუდენტებს მაღალტექნოლოგიურ აუდიტორიასა და არსებულზე ბევრად მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს. მათივე ინფორმაციით, ახალშექმნილი ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება, რომელშიც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც შეუძლია მონაწილეობის მიღება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოში აცხადებენ, რომ ერთი წლის წინ, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის დეკანად დანიშვნა მოხდა იმ პირობებში, როცა მას აკადემიური საქმიანობის დიდი სტაჟი არ ჰქონია.
31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.
ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.
ზედანიას თქმითვე, ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები იფუნქციონირებს.