ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძის თქმით, ილიაუნიმ იგი ბიზნესსკოლის დეკანის პოსტიდან გაათავისუფლა

31 იანვარი, 2019 • 3714
გიორგი ქადაგიძის თქმით, ილიაუნიმ იგი ბიზნესსკოლის დეკანის პოსტიდან გაათავისუფლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ქადაგიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი, ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის. პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს “მომზადებული” ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი. მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა, სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის. ცხადია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება”, – წერს ქადაგიძე.

მისი თქმით, მეტის დაწერა, სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო არ შეუძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო. მანამდე კი, ქადაგიძე რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის.

წერილში ქადაგიძე საუბრობს, რომ სკოლა არის ღრმა კრიზისში, უნივერსიტეტის მენეჯმენტი ვერ აღიქვამს პრობლემების და გამოწვევების სიღრმესა და სიმძაფრეს. ქადაგიძე წერს, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა შეიმუშავა და ატარებს  რეფორმებს, რომლებიც მოიცავს თანამედროვე კონტენტის შემუშავებას, სილაბუსების მთლიან გადამუშავებას, საგნების მიმართულებებათ დაჯგუფებას და აკადემიურ პერსონალის უფრო სიღრმისეულ ჩართულობას, დამსაქმებლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, ცენტრალიზებული საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებას, მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო სტატისტიკის წარმოებას, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას და დანერგვას, პროცესების მაქსიმალურ ელექტრონიზაციას, ეფექტური სამიზნე ნიშნულების შემუშავებას თითქმის ყველა მიმართულებით და შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპის დანერგვას. თუმცა ამბობს, რომ პრობლემური საკითხების მოგვარების ტემპი, რომელიც განეკუთვნება ცენტრალური ადმინისტრაციის კომპეტენციას, დამაკმაყოფილებელი არ არის.

აღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობა მით უფრო გაუგებარია, როდესაც ბიზნესის სკოლიდან ყოველწლიურად უნივერსიტეტის ბიუჯეტი ივსება ათეულ მილიონ ლარზე მეტით. ჩემი ვარაუდით, (ვინაიდან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება უნივერსიტეტის ბიუჯეტზე სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შეუძლებელი ამოცანაა ბიზნესის სკოლისთვის) ბოლო ოთხ წელიწადში ბიზნესის სკოლიდან არსებულმა წმინდა შემოსავალმა შეადგინა 40 მილიონი ლარი, რომლის გათვალისწინებით, სტუდენტებზე გაწეული სერვისების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, – ნათქვამია ქადაგიძის წერილში.

ის ხაზს უსვამს, რომ ბიზნესის სკოლისთვის მიუღებელია, როდესაც სასწავლო პროცესისთვის და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ორი ადამიანი და არ არის უზრუნველყოფილი ამ პროცესებში შესაბამისი რგოლების ფართო ჩართულობა. წერილის თანახმად, გიორგი ქადაგიძე აკადემიური საბჭოსგან ითხოვს:

1. გაუქმდეს და თავიდან დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების შესარჩევად და შემდგომი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ეცნობოს სკოლის აკადემიურ პერსონალს;

2. არაეფექტური და აკადემიური სივრცისთვის შეუსაბამო სტანდარტის მენეჯმენტისთვის ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება უნივერსისტეტის კანცლერს;

3. უნივერსიტეტის მართვა განხორციელდეს ისე, როგორც ამას ითხოვს კანონმდებლობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა;

4. უზრუნველყოფილ იქნას უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული გამჭირვალობა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით.

“ნეტგაზეთი” ცდილობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებას. უნივერსიტეტის განმარტებას  პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი