ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტთა ნაწილი ზედანიას გადადგომისთვის ვადას ხვალ 22:00-მდე აძლევს

14 თებერვალი, 2019 •
ილიაუნის სტუდენტთა ნაწილი ზედანიას გადადგომისთვის ვადას ხვალ 22:00-მდე აძლევს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გიგა ზედანიას თანამდებობის დატოვებისთვის ვადას უწესებს. სტუდენტები განმარტავენ, რომ თუ რექტორი ხვალ, 22:00 საათამდე არ გადადგება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.

აღნიშნული განცხადება სტუდენტებმა დღეს, 14 თებერვალს გაავრცელეს და მოუწოდეს განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდეს.

განცხადებაში სტუდენტები ამბობენ, რომ ილიაუნში მმართველობა ცენტრალიზებულია და სტუდენტები გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულნი არ არიან.

“ჩვენ რექტორს ვაძლევთ ხვალ საღამოს, 10-მდე დროს, რომ გადადგეს და დაითხოვოს აკადემური საბჭო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიწყებთ აქტიურ შიმშილობას,” – ამბობენ სტუდენტები.

რაც შეეხება ადმინისტრაციას, რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ სტუდენტთა ეს განცხადება არაგულწრფელია.

“ეს არის ნამდვილად მიუღებელი და, სიმართლე გითხრათ, მე ამ სტუდენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ – დიახ, ჩვენ გვაქვს კარგი უნივერსიტეტი, მაგრამ გვინდა პროგრესი. ოღონდ თქვენ არ დაგელაპარაკებით, ულტიმატუმი უნდა შეასრულოთ, წარმომადგენლობით ორგანოს არ ვენდობით.

ილიაუნი ძალიან მოქნილია ცვლილებებისთვის. რეფორმებისთვის ჩვენ ახლაც მზად ვართ, უბრალოდ, ბატონმა გიორგი ქადაგიძემ არ ისურვა ამ პროცესებში ჩართვა,” – ამბობს ტელეკომპანია “იმედთან” ნინო დობორჯგინიძე.


31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი