უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორია (Magna Charta Observatory (MCO)) განცხადებას ავრცელებს საქართველოში უნივერსიტეტების ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების დაცვის შესახებ.
ობსერვატორიის მმართველი საბჭო მიმართავს საქართველოს განათლების მინისტრს და აცხადებს, რომ ღრმა შეშფოთებით მიიღო ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ასევე 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის თებერვალში მიღებული შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც „საფრთხეს უქმნის საქართველოში უნივერსიტეტების ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების არსებობას“.
„ჩვენი შეშფოთება განპირობებულია როგორც იმ ზეგავლენით, რომელსაც თქვენი კონცეფცია მოახდენს ქართული უნივერსიტეტების შესაძლებლობაზე, იმოქმედონ უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორიის პრინციპების შესაბამისად, ასევე იმ თანმდევი შედეგებით, რაც მას ექნება ქართულ აკადემიურ სივრცეზე და ქართული უნივერსიტეტების შესაძლებლობებზე, ეფექტიანად ითანამშრომლონ სხვა ქვეყნებში მდებარე MCU-ს ხელმომწერ უნივერსიტეტებთან. ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევა, რომელზეც საზოგადოებრივი გამოწვევების გადაწყვეტაა დაფუძნებული, მაღალი ხარისხით საერთაშორისო ხასიათს ატარებს. ბოლო წლებში საქართველოსა და მისი უნივერსიტეტების რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორიის კვლევით და განვითარების საქმიანობაში პროაქტიული ჩართულობის შედეგად. ამ შესაძლებლობების დაკარგვა უარყოფითად იმოქმედებს როგორც შესაბამის უნივერსიტეტებზე, ასევე იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ თანამშრომლობაში არიან ჩართულნი“, — ნათქვამია მიმართვაში.
საქართველოს უნივერსიტეტების შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მათი დადებითი გავლენის შენარჩუნების მიზნით, უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორიის მმართველი საბჭო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ის რეფორმები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის უნივერსიტეტებს, სრულად განახორციელონ უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორიის პრინციპები, ღირებულებები და პასუხისმგებლობები.
ობსერვატორიის წერილს საქართველოს განათლების მინისტრისადმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს.
Magna Charta Observatory (MCO) წარმოადგენს ხელმომწერი უნივერსიტეტების გლობალურ ასოციაციას, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და ბოლონიის უნივერსიტეტში მდებარეობს. მისი მთავარი დოკუმენტია უნივერსიტეტების დიდი ქარტია (Magna Charta Universitatum (MCU)), რომელსაც მსოფლიოს 94 ქვეყნიდან 1000-ზე მეტმა უნივერსიტეტმა მოაწერა ხელი, მათ შორის საქართველოს 6-მა უნივერსიტეტმა. ამ ხელმოწერით მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება, დაიცვან უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორიის პრინციპები, რაც უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პირობებში ფუნქციონირებას ითვალისწინებს.








