ახალი ამბები

ქადაგიძე უარს ამბობდა რეფორმის პროცესში მონაწილეობაზე – გიგა ზედანია

1 თებერვალი, 2019 •
ქადაგიძე უარს ამბობდა რეფორმის პროცესში მონაწილეობაზე – გიგა ზედანია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც ზედანია სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს, გუშინ ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. იდეა – ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

ზედანიას თქმით, გუშინ ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები იფუნქციონირებს.

“პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის. ამ ფაკულტეტის სასწავლო პროცესი განხორციელდება, მათ შორის, ილიაუნის ახალ შენობაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერისტეტთან ერთად აშენდა და რომელიც მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახებს. შედეგად, სტუდენტები მიიღებენ ბევრად უფრო კარგ სერვისს, უკეთესი ხარისხის პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, დასაქმების უკეთეს შანსებს. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას – ინგლისურენოვანი პროგრამა მზადაა და აკრედიტაციაზე შეტანილი”, – წერს ზედანია და დასძენს, რომ ეს არ არის ილიაუნის პირველი რეფორმა და არც – უკანასკნელი.

ზედანიას თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა მოწინავე პოზიციებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში; სრულად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაიხსნა საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია; დასრულდა და მალე ექსპლუატაციაში შევა პირველი ტექნოლოგიური კორპუსი; სახელმწიფოსგან მიიღო უპირობო ავტორიზაცია; საუკეთესო უნივერსიტეტია სამეცნიერო შედეგების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში; მოიპოვა ყველაზე მეტი ერაზმუსის პროექტი, მათ შორის, პირველმა და ერთადერთმა, როგორც ევროპული უნივერსიტეტების სრულფასოვანმა პარტნიორმა და სხვა.

“2019 წელს განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე. გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია”, – წერს ზედანია და ამბობს, რომ რეფორმის შინაარსი ესაა, პერსონალურ კინკლაობაში შესვლას კი არ აპირებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით კი, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიშისა და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი