ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებისა და რეორგანიზაციის შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, როგორც შიდასაუნივერსიტეტო გამოწვევებმა, ისე ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ და განათლების გლობალური ტრენდების ასახვის სურვილმა; შესაბამისად, განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის შედეგადაც:
ა) დაფუძნდა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი.
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტს გამოეყო საინჟინრო მიმართულებები და დაერქვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი.
“რეფორმის კომპონენტებზე მუშაობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა 2019 წლის იანვარში, ახალი სემესტრის დაწყებამდე. რეფორმების ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ბიზნესის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლები, რეკომენდაციებით მიმართა აკადემიურ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილებაც რეფორმის თაობაზე დაადასტურა წარმომადგენლობითმა საბჭომ. ჩვენთვის მოულოდნელი და გაუგებარი პოზიცია დაიკავა ამ პროცესების მიმართ გიორგი ქადაგიძემ, რომელმაც საჯარო განცხადებაში აღნიშნული ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქადაგიძემ ცვლილებების პროცესის დაწყების შემდეგ (სკოლის საბჭოსთან კომუნიკაცია, სამუშაო ჯგუფის შექმნა) დაწერა მოთხოვნა ორკვირიან შვებულებაზე, ხოლო შვებულებაში გასვლამდე სხვადასხვა მიზეზით არიდებდა თავს შეხვედრებში მონაწილეობას”,- ნათქვამია გაცხადებაში.
აკადემიური საბჭო ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია უნივერსიტეტის სტრუქტული რეფორმის დისკრედიტაციის მცდელობა.
რაც შეეხება გიორგი ქადაგიძის კომუნიკაციას აკადემიურ საბჭოსთან, ამის თაობაზე საბჭო დამატებით განმარტებებს გაკეთებას უახლოეს მომავალში აანონსებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიშისა და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს.