4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა, ხოლო 4 სოცმუშაკი სააგენტოდან გაათავისუფლეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, გადაყწვეტილება შიდა აუდიტის მოკვლევის პირველადი შედეგების შემდეგ მიიღეს. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
4 წლის გარდაცვლილი ბავშვი 22 იანვარს სანზონაში, მის საცხოვრებელ სახლში ნახეს. როგორც შსს-ში ამბობენ, ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მშობლებმა სასაწრაფო გამოძახეს, რომელსაც მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა.
ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შსს-ში ამბობენ, მანამდე, კერძოდ კი 6 იანვარს, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, პატრული ბავშვის ოჯახის მეზობელმა გამოიძახა. შსს-მ ამ დღეს ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვნის პოლიციაში გადაიყვანეს, ხოლო ბავშვი პატრულის ეკიპაჟთან ერთად იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ შსს-მ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ბავშვთან კონტაქტი აუკრძალა.
22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ კი ბავშვის დედა პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. ამავე დღეს სოცსააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.
24 იანვარს შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ვრცლად 4 წლის ბავშვის გარდაცვლების საქმეზე:
სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი