სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვა დასრულდა. უწყების თანახმად, შემდგომი მუშაობა მოლაპარაკებების რეჟიმში გაგრძელდება, ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელი” კი ამბობს, რომ “ეს არის მხოლოდ პირველი წინგადადგმული ნაბიჯი”.
მორიგი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში 21 იანვარს შედგა.
“შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება”, — აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტო.
“სოლიდარობის ქსელის” თანახმად, რომელიც სოცაგენტებს ეხმარება, ისინი ასრულებენ გაფიცვას რიგი პირობებით. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით:
- 15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;
- მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
- გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
- სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
- გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
- შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
- უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი; ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!
სოცაგენტები მიმდინარე კვირის დასაწყისში გაიფიცნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა იყო. გაფიცვის დაწყებამდე 1 დღით ადრე სააგენტომ თქვა, რომ სოცაგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება თებერვლიდან გაეზრდებოდათ 60%-მდე.
თანამშრომლებმა უწყების ეს ნაბიჯი საკმარისად არ მიიჩნიეს და გაფიცვა განაგრძეს. ზოგიერთი გაფიცული ამბობდა, რომ მათ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა პროტესტის შეწყვეტის მიზნით.