ახალი ამბები

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ორდერის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

24 იანვარი, 2019 • 1210
გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ორდერის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს, 24 იანვარს მიიღო.

თბილისში, სანზონაში, 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა . ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება დაკავებულის ადვოკატს, პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორ გარემოებას ეფუძნებოდა. მისი თქმით, დედას ორდერის პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან, ორდერში ეწერა, რომ მსხვერპლი მშობლისგან უნდა გარიდებულიყო. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცველების ბრალეულობა იკვეთება.

“ორდერში, რომელიც 2019 წლის 6 იანვარს გამოიწერა ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოვებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია, თუმცა, დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. სამართალდამცავებსა და სოციალურ სამსახურს ბავშვი უნდა განერიდებინა. თუ განრიდება მოხდებოდა და ამის შემდეგ მიუახლოვდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ორდერის დარღვევა სახეზე,” – განაცხადა ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ.

როგორც ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, ბავშვს ჯერ კიდევ სიკვდილამდე აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები, მის ბიოლოგიურ დედაზე კი გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს პასუხი, იცოდა თუ არა უწყებამ, რომ ბავშვის დედაზე ორდერი იყო გამოწერილი და თუ იცოდა, რატომ დატოვა მცირეწლოვანი იმავე ოჯახში.

სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი

მასალების გადაბეჭდვის წესი