ახალი ამბები

სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი

24 იანვარი, 2019 •
სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი

ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა თბილისში, სანზონაში, 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები. თუმცა საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს არა მხოლოდ შსს-ს, არამედ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართაც. ბავშვთა უფლებადამცველებისა და ომბუდსმენის თქმით, პრობლემა არის არა მხოლოდ ინდივიდუალური გულგრილობა, არამედ სისტემური გაუმართაობა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სათანადოდ ვერ იცავს.

როგორც ბავშვის გარდაცვლების შემდეგ გაირკვა, ბავშვს ჯერ კიდევ სიკვდილამდე აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები, მის ბიოლოგიურ დედაზე კი გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს პასუხი, იცოდა თუ არა უწყებამ, რომ ბავშვის დედაზე ორდერი იყო გამოწერილი და თუ იცოდა, რატომ დატოვა მცირეწლოვანი იმავე ოჯახში.

რა (არ) ვიცით ამ დრომდე?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 22 იანვრის დილით ოჯახის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს. ადგილზე მისულ ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, 6 იანვარს, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, პატრული ბავშვის ოჯახის მეზობელმა გამოიძახა. შსს-მ ამ დღეს ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვნის დედა დააკავეს, ხოლო ბავშვი პატრულის ეკიპაჟთან ერთად იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ შსს-მ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ბავშვთან კონტაქტი აუკრძალა.

საქმეზე გამოიკითხნენ ბრალდებული და მოწმეები, მათ შორის, ოჯახის წევრები. ოჯახმა დედის მხრიდან ბავშვზე რაიმე ფორმით ძალადობა უარყო და მის სხეულზე არსებული დაზიანებები მისსავე ჰიპერაქტიურობას დააბრალა. თუმცა ოჯახის მეზობლები სხვადასხვა ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ ბავშვი იქამდეც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მას სხეულზე ხილვადი ტრავმები აღენიშნებოდა.

შსს-ს განცხადების მიხედვით, ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, მცირეწლოვნის დედის მიმართ პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის იაშვილის კლინიკაში 6-იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. იაშვილში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები არ გამოვლენილა. პაციენტი მოთავსდა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

იაშვილის კლინიკაში არ აკონკრეტებენ, ჰქონდა თუ არა ბავშვს ძალადობის ნიშნები და არც იმაზე საუბრობენ, თუ სხეულის რომელი ნაწილები იყო დაზიანებული. თუმცა რუსთავი 2, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ბავშვის კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც ბავშვი სახეზე არაერთი დალურჯება ჩანს.

იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, ბავშვი 8 იანვარს, სოცაგენტისა და ოჯახის წევრის, სავარაუდოდ, მამინაცვალის თანხლებით გაწერეს.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ კი ბავშვის დედა პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. ამავე დღეს სოცსააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ 6 იანვარს დაკავებულ დედას ორდერი გამოუწერეს, სოცსააგენტოში ამ დრომდე ვერ პასუხობენ კითხვას, იცოდნენ თუ არა იმის შესახებ, რომ მცირეწლოვანი, შესაძლოა, ფიზიკური და განგრძობითი ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა ამბობენ, რომ ოჯახი და ბავშვი დაბადებიდან მონიტორინგის ქვეშ იყო.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვი დაბადებიდან მალევე მინდობით აღზრდაში დედის თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს. უწყება ამბობს, რომ სამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რა დროსაც ბავშვმა მინდობით აღზრდაში დაჰყო, ბიოლოგირი დედა მას სისტემატურად აკითხვდა, მიჯაჭვულობას იჩენდა და, ზოგადად, ოჯახი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათივე თქმით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი იყო, ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდილიყო, რასაც ისიც ემატებოდა არგუმენტად, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სოცსააგენტოში დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ თანამშრომელთა ბრალეულობის დადგენის მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტი ამ საქმეს სწავლობს.

ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ბავშვის ცხედრიდან ნიმუშების აღების შემდეგ ლაბორატორიულ გამოკვლევას ატარებს. შსს-ს ინფორმაციით, ბიუროდან ბავშვს , სავარაუდოდ, 24 იანვარს მამინაცვალის განცხადების საფუძველზე გადაასვენებენ.

იყო თუ არა შემაკავებელი ორდერი საკმარისი – უფლებადამცველის შეფასება


უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში როგორც ამბობს, შემაკავებელი ორდერის მიზანია მსხვერპლის დაცვა და ამ მიზნის მისაღწევად საკმარისია გადაწყვეტილების აღსრულება, მხოლოდ ორდერის გამოცემა არ არის საკმარისი.

“აღსრულების გარეშე ის იქცევა უბრალო ფურცლად და მსხვერპლს არ იცავს,” – ამბობს ანა არგანაშვილი. მისივე მოსაზრებით, ორდერის გამოცემისთანავე უნდა დაეკავებინათ ბავშვის დედა. 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ როდესაც საქმე 4 წლის ბავშვს ეხება, სიტუაცია უფრო რთულდება. ამის მიზეზი შემდეგია: 4 წლის ბავშვი ვერც თავს დაიცავს მოძალადისგან და ვერც პატრულს შეატყობინებს, როდესაც მოძალადე არღვევს შემაკავებელ ორდერს, რაც თავისთავად უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

არგანაშვილის თქმით, როცა არსებობს ეჭვი ფიზიკურ ძალადობაზე, სავარაუდო მოძალადე უნდა დააკავონ, რადგან შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის.

“სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლების დაცვა გულისხმობს ყველა ამ პროცედურის ჩატარებას. მაშასადამე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენას, რომლის გარეშეც საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის გამო ბავშვის უფლებების სისტემურ დარღვევასთან,” – ამბობს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, არათუ ფიზიკური დაზიანებების აღმოჩენისას, არამედ უმცირესი ეჭვის გაჩენის დროსაც, გამორიცხოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე.  იმისთვის, რომ გამოირიცხოს ძალადობის საფრთხე, პირველი გადაწყვეტილება არის მოძალადის სახლიდან გაყვანა. თუმცა, თუ მსხვერპლი ბავშვია, რომელიც სავარაუდო მოძალადეზე დამოკიდებულია ზრუნვის განხორციელების თვალსაზრისით,  მაშინ არ არის საკმარისი მხოლოდ მოძალადის გაყვანა. ამიტომ უნდა გაიყვანონ ბავშვი.

როგორც არგანაშვილი მიიჩნევს, საკმარისი არ არის სოციალური მომსახურების სააგენტოს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, დედა ბავშვს 3.5 წლის განმავლობაში, სანამ ის მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, ნახულობდა და ზრუნავდა და მისი ოჯახში დაბრუნების ერთ-ერთი არგუმენტი ეს იყო.

“შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება უვლიდეს ბავშვს, მაგრამ იყოს ერთი კონკრეტული ძალადობის მომენტი და ეს სრულიად საკმარისია. ბავშვზე ძალადობას არ სჭირდება განმეორებითობა. როდესაც ისეთი ინტენსივობაა, რომ საავადმყოფოში ხვდება ბავშვი, მორჩა, იქ არის ძალიან სერიოზული რისკი. ასევე საინტერესოა, ორდერის გამოწერის დროს თუ შეავსეს სავალდებულო რისკების შეფასების კითხვარი და რა ხარისხის რისკი დაფიქსირდა,” – ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი დასძენს, რომ 4 წლის ბავშვის შემთხვევაში, როგორც წესი, ძალადობა იმ მომენტამდეა უჩინარი, სანამ ფიზიკური მაჩვენებლები არ გამოჩნდება, რადგან ბავშვი ხშირად ვერბალურად ვერ გადმოსცემს იმას, რაც მოხდა. ამიტომ სიფრთხილე სახელმწიფოს მხრიდან გასამმაგებული უნდა იყოს.

არგანაშვილი გვიყვება, რომ სოციალურ მუშაკს ბავშვის ოჯახიდან მყისიერად გამოყვანის უფლებამოსილება და ვალდებულება პოლიციის ჩარევის გარეშეც კი აქვს. მაგრამ, მისი თქმით, პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოცმუშაკი ბავშვს ოჯახიდან გამოიყვანს, მას ბავშვის წასაყვანად, ფაქტობრივად, ადგილი არ აქვს.

უფლებადამცველის თქმით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ის სერვისები, რომლის მეშვეობითაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სასწრაფო განთავსება და რეაბილიტაცია მოხდებოდა.

“ეს არ არის ინდივიდუალურად მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა – ეს არის მთელი სისტემის პრობლემა. სინამდვილეში, ჩვენ ბავშვთა დაცვის სისტემა რეალურად არ გვაქვს და ბავშვი რომ ოჯახიდან გამოჰყავთ, არ იციან, სად წიაყვანონ. არ იციან, ბავშვს რეაბილიტაცია ვინ უნდა ჩაუტაროს იმიტომ, რომ ფსქიოლოგები არ გვყავს.

მთელ თბილისში, მილიონნახევარ მოსახლეობაზე, სოციალურ სამსახურს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ჰყავს, მთელ საქართელოში კი – 10. არ გვყავს ასევე ძალადობაზე სპეციალიზებული ექიმები. ძალიან ბევრი რგოლი აკლია ძალადობისგან დაცვის მექანიზმს. ძალადობისგან დაცვის სისტემა თანამედროვე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოდელის, INSPIRE-ის მიხედვით, რომელიც აღიარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ყველა წამყვანმა ბავშვთა დაცვის სააგენტომ,  7 რგოლისგან შედგება. ჩვენთან მხოლოდ ერთი რგოლია განვითარებული და ისიც არასრულფასოვანად. შესაბამისად, სისტემური პრობლემა სახეზეა. აქ ინდივიდუალური დამნაშავის ძებნა საკმარისი არ არის,” – აცხადებს ანა არგანაშვილი

მისივე თქმით, დღესდღეობით, საქართველოში სოციალური სერვისების ოდენობა ძალიან მცირეა. ანა არგანაშვილი დასძენს, რომ იმ სერვისებს,  რომლებიც აქამდე იყო, სახელმწიფო არასაკმარისად აფინანსებდა. შესაბამისად, მათ არსებობა შეწყვიტეს. ასეთი სერვისების რიცხვში ანა არგანაშვილს მცირე საოჯახო ტიპის სახლებიც შეჰყავს.

როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, ასეთ სახლებში, სადაც ბავშვის გადაყვანაა შესაძლებელი, სახელმწიფო მხოლოდ მინიმალურად, დაახლოებით 50%-ით აფინანსებს, დანარჩენი ფული კი სერვისის მიმწოდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს,

“…თუ ვერ იშოვის, მაშინ იქ ბავშვი იშიმშილებს. შემდეგ ამ სერვისს შეამოწმებენ და სერვისის მიმწოდებელს დააჯარიმებენ. ამ პირობებში სერვისის მიმწოდებლები იხურებიან და ბავშვებს სერვისები აღარ ან უკიდურესად დაბალი ხარისხით მიეწოდებათ,” – განმარტავს ანა არგანაშვილი.

რას ამბობს ომბუდსმენი

“ქვეყნის პრობლემად” აფასებს ბავშვზე ძალადობას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მისი თქმით, ეს და სხვა არაერთი ფაქტი ნათლად აჩვენებს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის სისტემის გაუმართაობას.

“სახელმწიფო ეფექტურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას – დაიცვას ბავშვები ძალადობის და არასათანადო მოპყრობისგან. სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშსა და რეკომენდაციაში საუბრობს ბავშვის დაცვის სისტემის ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა,” – წერს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ხშირად დაგვიანებულია და უშედეგო. 

ომბუდსმენივე შეფასებით, პასუხისმგებელი პირების მხრიდან კვლავ სუსტია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა და აღნიშნულის საფუძველზე საკუთარი მოვალეობების გაცნობიერება. ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიცირებისას დროულად და ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რეფერირება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეეწყოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენებას.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ასევე აუცილებელია სისტემატური და ეფექტური მონიტორინგი. თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები დროულად უნდა გადაიყვანოს უსაფრთხო გარემოში და უნდა უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება.

ომბუდსმენის განმარტებით, ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღზრდის მცდარ სტერეოტიპებზე, რაც ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველას უნდა ესმოდეს, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რეაგირება მოახდინონ და მიმართონ შესაბამის უწყებებს ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში.

“რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ბავშვი მძიმე სოციალური მდგომარეობისა და სავარაუდო უგულებელყოფის გამო „ჯართის“ შეგროვებისას დაიღუპა. მსგავსი შემთხვევები ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს და არ შეიძლება შეფასდეს უბედურ შემთხვევად, რადგან ამ ტრაგედიას აქვს მიზეზი და მას ბავშვთა სიღარიბე ჰქვია.

სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ოჯახის დაცვას სიღარიბისგან და კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვნების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი,” – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის არსებული სისტემის რეფორმირების მიმართულებით. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას სოციალური სამსახურის ძლიერი მექანიზმი და ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა.

სოცმომსახურების სააგენტოს განმარტება

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, მათი თქმით, ბავშვის შესახებ, ფაქტობრივად, დაბადებიდან გახდა ცნობილი. უწყება ამბობს რომ დაბადებიდან მალევე ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ სოციალურ სამსახურს სთხოვა ბავშვის დროებით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, მიზეზად კი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.

მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერთლის თქმით, ბავშვი მინდობით აღზრდაში დაბადებიდან მალევე, დედის თხოვნის შემდეგ, გადაიყვანეს. როგორც ის განმარტავს, ოჯახს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა.

მარი წერეთელი ამბობს, 3.5 წლის განმავლობაშიც, რა დროც ბავშვმა მინდობით აღზრდაში გაატარა, მისი ბიოლოგიური დედა შვილთან ხშირად მოდიოდა და მათზე მონიტორინგი ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ბავშვის ზრუნვიდან სამომავლოდ გაყვანის მიზნად და შესაბამისი ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების შემდეგ, დედა მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირდა.

“მე მინდა აღვნიშნო, რომ 3.5 წლის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არ დაუფიქსირებია ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები როგორც ამ ბავშვის, ასევე ამ ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად იმ გეგმით, რომ სამომავლოდ აქტიური მონიტორინგის განამვლობაში უნდა დაწყებულიყო ბავშვის ოჯახში სამომავლო რეინტეგრაციაზე მუშაობა,” – ამბობს მარი წერეთელი.

მისი თქმით, ამ დროისთვის  ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი საკითხს სწავლობს. რაც შეეხება 6 იანვრის შეტყობინებას, 6 იანვრამდე, მაშინ, როდესაც დედის ვიზიტები ხდებოდა, ძალადობაზე შეტყობინება არ შესულა. რაც შეეხება ბავშვის ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილებას, მარი წერეთელი ამბობს, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო დედას ბავშვის ზრუნვიდან რამდენიმე დღით გაყვანის უფლებაც კი ეძლეოდა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა სოცსააგენტომ, რომ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, მარი წერეთელი პასუხობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან. მათ ჰქონდათ წინსვლა. ზოგადად, სოციალური დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გაიყვანონ, პირიქით, ოჯახები უნდა გავაძლიეროთ. ამ კონკრეტული ოჯახის ბავშვების ჰიგიენური ნორმები ყოველთვის დაცული იყო, სხვა პირობებზე მსჯელობა კი ძალიან სადავო თემაა მაშინ, როდესაც მშობლებისა და შვილების მიჯაჭვულობაზეა საუბარი”, – ამბობს მარი წერეთელი.

მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის მდგოამრეობა გაუმჯობესდა, მათი მხრიდან იყო ბავშვის დაბრუნების მზაობა. ასევე, ოჯახი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, გადამისამართებული იყო სხვადასხვა სერვისში, ოჯახში მცხოვრები კაცი იყო დასაქმებული, მას ჰქონდა საქმიანობა, ბავშვის დაბრუნება “მისი ჭეშმარიტი ინტერესი იყო”.

“დედასაც ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა, იყო მზრუნველი, მოდიოდა აქტიურად. ამ ბავშვის ინტერესი იყო, რომ გაზრდილიყო ბიოლოგიურ ოჯახთან. თუმცა ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა,” – განმარტავს მარი წერეთელი.

მარი წერეთელი ასევე ამბობს, რომ  ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები ამ დროისთვის მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილნი. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის ადრინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწყებაში ამბობენ, რომ ის დაბადებიდან იმყოფებოდა ყველა საჭირო სამედიცინო დაწერესბულებაში შესაბამის აღრიცხვაზე და განსაკუთრებული ავადობა არ აღენიშნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი