ახალი ამბები

კრიტიკული FB-კომენტარების გამო სოცსააგენტომ დისციპლინური წარმოება დაიწყო – სოცაგენტი

27 აპრილი, 2021 •
კრიტიკული FB-კომენტარების გამო სოცსააგენტომ დისციპლინური წარმოება დაიწყო – სოცაგენტი

სოციალური აგენტი გიორგი ფურელიანი აცხადებს, რომ მისი და რამდენიმე თანამშრომლის მიმართ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარებისთვის და ტელეკომპანია “მთავარი არხის” სიუჟეტში მონაწილეობის გამო, სოციალური მომსახურების სააგენტომ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ფურელიანი “ნეტგაზეთს” ესაუბრა.

მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან წერილი დღეს მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ ფურელიანმა 2021 წლის 7 აპრილს სოციალურ ქსელ ფეისბუკში სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ ვიდეორგოლზე, ასევე, 2021 წლის 8 აპრილს განთავსებულ რადიო “იმედის” გადაცემა “ეკონომიქსის” ვიდეორგოლზე საჯაროდ გამოხატა პოზიცია, ასევე, 10 აპრილს გავრცელებულ ტელეკომპანია “მთავარი არხის” სიუჟეტში გამოთქვა მოსაზრებები, რომლის საფუძველზეც ფურელიანის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

“სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესწავლის საგანია ეთიკის ნორმების და ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია თანამშრომლისა და სააგენტოს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურს გარეთ”, – წერია წერილში.

თავად ფურელიანი ამბობს, რომ მსგავსი წერილი და გამოთქმული მოსაზრებების გამო ახსნა-განმარტების მოთხოვნა სააგენტოს მხრიდან თანამშრომლების დაშინების მცდელობაა, რადგან სოციალური აგენტების ნაწილი უკვე დიდი ხანია აპროტესტებს სამუშაო პირობებს და მის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა გზით იბრძვის.

“მივიჩნევ, რომ ეს არის დაშინების მცდელობა არა მარტო ჩემს მიმართ, არამედ მათ მიმართაც, ვისაც ჯერ არ გამოუხატავს პროტესტი და სურთ, რომ ჩაახშონ საპროტესტო მუხტი. თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ამ ქვეყანაში არ შეიძლება და სხვანაირად ვერ აღვიქვამ ამ წერილს, თუ არა დაშინების მცდელობად”, – განმარტა ფურელიანმა “ნეტგაზეთთან”.

რაც შეეხება იმ კომენტარებს, რომლის გამოც სააგენტომ დისციპლინური წარმოება დაიწყო, ფურელიანი ამბობს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და უბრალოდ თავისუფალი აზრის გამოხატვის ფარგლებში გააკრიტიკა ვიდეორგოლებში და მის კომენტარებში გამოთქმული ფაქტები და მოსაზრებები. კერძოდ, 7 აპრილს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ამბობდა, რომ იცვლება სოციალური ქულების დათვლის მეთოდლოგია, ერთ-ერთ ცვლილებად კი დაასახელა ოჯახებში ელექტრონული ტექნიკის ქონის შემთხვევაში ქულების დათვლის ნაწილი.

“მობილური ტელეფონი 2015 წელს თუ იყო მეტ-ნაკლებად კეთილდღეობის მაჩვენებელი, დღეს უკვე ეს აღარ არის მოწყვლადობის განმსაზღვრელი იმიტომ, რომ დღეს ის ხელმისაწვდომია ზოგადად მოსახლეობისთვის. ეს არის სწორედ ის კითხვები, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებთ და ამის მიხედვით იცვლება მოწყვალდობის კრიტერიუმები, რომ უკეთესად დავინახოთ მოწყვლადი მოსახლეობა”, – აცხადებდა თამარ ბარკალაია.

ფურელიანის განცხადებით, ელექტრონული ტექნიკის გამო ქულების მინიჭების ნაწილი 6 წელია გაუქმდა, რის გამოც ვიდეოს კომენტარებში აღნიშნა, რომ “იმედის” ეთერში მიწვეული სტუმრები არ იყვნენ კომპეტენტურები:

“ვინმე ისეთი მაინც გამოუშვით ინტერვიუზე, ვინც ცოტა აზრზეა მეთოდოლოგიის… რა სისულელეებს ლაპარაკობენ, რა მობილური და ტელევიზორი? 6 წლის წინ შეიცვალა ეგ მეთოდოლოგია, ოჯახში ნივთებს რომ ანიჭებდა მნიშვნელობას….. ამხელა მოადგილე ხალხი ხართ და გადაგეკითხათ მაინც, რა კითხვარს ავსებს ოჯახი… სადმე თუ წერია ტელევიზორი და მობილური…”, – დაწერა ფურელიანმა კომენტარად.

8 აპრილს განთავსებულ ვიდეოს კომენტარებში კი, ფურელიანის თქმით, ადამიანები წერდნენ, რომ კმაყოფილები იყვნენ სოციალური აგენტების სამუშაო პირობებით, რაზეც შემდეგი კომენტარი დაწერა:

“ბატონო ლევან, ერთი თხოვნა მექნება, მე და ჩემი თანამებრძოლები წელიწადზე მეტია ვიბრძვით თქვენი უნამუსო ტყუილების წინააღმდეგ და აგენტებისთვის ღირსეული შრომის პირობებისთვის, ბოლო პერიოდში ათობით სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი შემოგვიერთდა და უკვე ძალიან ბევრნი ვართ, იმდენად ბევრნი, რომ ასე მარტივად აღარ გაგივათ ტყუილები. ჰოდა, თხოვნა გვაქვს თქვენთან, აქ კომენტარებში ამ სამსახურით კმაყოფილ და ბედნიერ ხალხს ვხედავ, ჰოდა, უმორჩილესად გთხოვთ, რომ იმ 300 ლარზე დატოვოთ ეგენი, რომლითაც ასეთი კმაყოფილები და ბედნიერები არიან… ასევე მინდა ვურჩიო ზოგიერთი განყოფილების უფროსებს და თანამშროლმლებს, რომ ლაქუცით საქმე არ გაკეთდება, მხოლოდ ბრძოლით, და თუ აქამდე არაფერი გამოდის, მხოლოდ თქვენნარი მედროვეების არსებობის გამო”.

რაც შეეხება “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, ის სოციალური აგენტების სამუშაო პირობებს შეეხებოდა, სადაც აგენტები ყვებოდნენ, რომ არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები. თავად ფურელიანი კი სიუჟეტში სულ ორ წინადადებას ამბობს:

“ცოტა უხერხულია, რომ სააგენტო, რომელმაც სხვადასხვა ადამიანის შრომითი უფლებები უნდა დაიცვას, თვითონ არღვევს თავისი დასაქმებულების შრომით უფლებებს… მიმდინარეობს ზეწოლა რაიონებში, რამდენიმე აგენტმა პროფკავშირები დატოვა ერთ პერიოდში, უცებ ახსნის გარეშე და არ ლაპარაკობენ, თუ ვერ ლაპარაკობენ ეს აგენტები”, – ამბობს ფურელიანი სიუჟეტში.

ფურელიანის თქმით, სამინისტროს მხრიდან მსგავსი წერილის გაგზავნა დაკავშირებულია სოცაგენტების გააქტიურებასთან, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში პროფკავშირებს ახალი წევრები დაემატნენ.

რაც შეეხება დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სოცაგენტების პასუხისმგებლობას, ფურელიანის განმარტებით, სააგენტოს შეუძლია ან საყვედური გამოუცხადოს თანამშრომლებს, ან სამსახურიდან გაათავისუფლოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა კითხვაზე, რის საფუძველზე დაიწყო ფურელიანის მიმართ დისციპლინური წარმოება, სააგენტოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სოციალური აგენტების პრობლემები

ფურელიანის თქმით, 6 წელია, რაც სოციალური აგენტის პოზიციაზე მუშაობს. მისი განმარტებით, სოციალური სააგენტოს მიერ დასახელებული სიუჟეტის და კომენტარების გარდა, აქამდეც გაუპროტესტებია საჯაროდ სოციალური აგენტების სამუშაო პირობები. ერთი წლის წინ სოცაგენტებმა “სოლიდარობის ქსელის” დახმარებით პროფკავშირებიც შექმნეს, სადაც სოციალური აგენტები პირობების გაუმჯობესებისთვის გაერთიანდნენ.

მისი თქმით, სოცაგენტების მთავარი პრობლემა დაბალი ანაზღაურება, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხელშეკრულებების ვადები და საზოგადოებაში სოციალური აგენტების მიმართ არსებული სტერეოტიპებია. ფურელიანი განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარების საკითხზე ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროფკავშირების მიერ შემუშავებული დოკუმენტიც გააცნეს, თუმცა სამინსტროს ამ დრომდე არ შეუსრულებია დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნების დიდი ნაწილი.

სოცაგენტი განმარტავს, რომ მათი ხელფასი რამდენიმე თვის წინ 80 ლარს შეადგენდა, დანარჩენ თანხას კი შესრულებული სამუშაოს მიხედვით გამოიმუშავებდნენ. მისი თქმით, საბოლოოდ ფიქსირებული ხელფასი 200 ლარამდე გაიზარდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შემცირდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც სოციალური აგენტები ამოწმებდნენ. შესაბამისად, ფიქსირებული ხელფასის გარდა, გამომუშავებული თანხის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა.

2020 წლის ივლისში სოციალური აგენტების ნაწილს გაფიცვაც ჰქონდა დაანონსებული, მათი მოთხოვნები იყო 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტისთვის თანხის ცალკე გამოყოფა. პირველ ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდებოდა.

სამინისტროს თქმით, 100 ლარით გაიზრდებოდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და 550 ლარი გახდებოდა. ამასთან, 6 თვემდე გაიზრდებოდა სოცაგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, 2020 წლის ბოლოსთვის კი მათი ნაწილისთვის ერთწლიანი, ნაწილისთვის კი უვადო ხელშეკრულების გაფორმება იგეგმებოდა.

ფურელიანის თქმით, ხელზე ასაღები თანხა გაიზარდა, თუმცა სოცაგენტების ნაწილს, ვისაც უვადო ხელშეკრულებები ეკუთვნოდა, იანვრიდან 6 თვემდე გაეზარდა ხალეშეკრულებების ვადები, მათ მიერ მოთხოვნილი პირობების ნაწილი კი კვლავ შეუსრულებელია. ამასთან, ფურელიანის განცხადებით, სამინისტროს სახელზე მათ მიერ გაგზავნილ დოკუმენტზე, სადაც სოცაგენტების მოთხოვნები იყო ჩამოთვლილი, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი