ახალი ამბები

სანზონაში დაღუპული 4 წლის ბავშვის დედა დააკავეს

22 იანვარი, 2019 • 2057
სანზონაში დაღუპული 4 წლის ბავშვის დედა დააკავეს

სანზონაში დაღუპული 4 წლის ბავშვის დედა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე. დაიწყო გამოძიება ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა ლ. ქ.

“თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის, ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ პოლიციამ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს, მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

“მცირეწლოვნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი