26 დეკემბერს, თიბისი ჯგუფმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. 26 წლის მანძილზე თიბისიმ პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1 000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხუთ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ესენია:
[checklist]
- ბიზნესის მხარდაჭერა
- მემკვიდრეობა
- კულტურა
- თიბისის გუნდი
- მომავალი თაობა
[/checklist]
მომავალ თაობაზე ზრუნვა თიბისისთვის განსაკუთრებული ნიშა იქნება. „თიბისის სტიპენდიანტები“ – ეს არის ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანია გამორჩეულად ნიჭიერ 200 ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას უნიშნავს.
„2018 წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი წლის განმავლობაში 200 ბავშვი დავაფინანსოთ ყოველთვიურად, რათა მათ ის საქმე აკეთონ, რაც გულით უყვართ და მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე, „თიბისის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
პიანისტი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ სტიპენდიის დანიშვნა ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა:
„ეს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა და ეროვნული საქმეა. ეს დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რათა განვითარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. დიდი მადლობა თიბისის“.
[blue_box]ბიზნესის მხარდაჭერა[/blue_box]
ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა www.tbcbusiness.ge ამ ვებგვერდზე შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა „სტარტაპერის“ თითქმის ორწლიანი ისტორია კი 410 სტარტაპს, ჯამში 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.
[blue_box]კულტურის მხარდაჭერა[/blue_box]
კულტურის მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამის მაგალითია ლიტერატურული პრემია „საბა“, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა. ასევე თიბისი ჯგუფის პროექტებია, ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა – www.saba.com.ge, არტარეა – პირველი ქართული არხი კულტურაზე.. გარდა ამისა, თიბისი გალერეამ და თიბისი არტ გალერეამ მრავალ კულტურული ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის იყო „პროექტი 12“, „ქოლგა თბილისი ფოტო“, „თბილისის არქიტექტურული ბიენალე“ და სხვა.
„საბა“ გახდა საერთაშორისო პროექტი. შეიქმნა ახალი საბჭო, დაემატა ახალი კატეგორიები. ჩვენი კულტურა გავიტანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
პოეტი ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც „საბა“ ორჯერ – ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საუკეთესო პოეტური კრებულისთვის მიიღო, ფიქრობს, რომ „საბა“ მნიშვნელოვანი პროექტია.
„ძალიან საინტერესო პრემიაა. მკითხველი საზოგადოება და მწერლები ყოველწლიურად ელიან შემოდგომას და კონკურსის ფინალურ ეტაპს, რადგან დაჯილდოებაზე ყოველთვის დიდი ზეიმია. ეს მწერლების წახალისებაა და, ბუნებრივია, ლიტერატურის განვითარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნავს ვახტანგ ჯავახაძე.
[blue_box]მემკვიდრეობა[/blue_box]
მემკვიდრეობის შენარჩუნება თიბისის 26-წლიან ისტორიაში და დღემდე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. #წერექართულად კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს, მათ შორის კომპანია „მაიკროსოფტთან“ ერთად შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – Kartulad.ge
ამ პლატფორმის შექმნის მიზანი კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვაა.
თიბისი ბანკის ციფრული მარკეტინგის დირექტორი, ტატო ნორაკიძე ამბობს, რომ პროექტის – „წერექართულად“ – ფინალური ფაზა ქართული ენის „მაიკროსოფტის“ სისტემაში ინტეგრირებაა.
„ჩვენ შევქმნით ქართულ ენაზე მოაზროვნე ხელოვნურ ინტელექტს. ასი ათასი წინადადება უკვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე. საბოლოოდ, „მაიკროსოფტის“ ყველა პროგრამაში ინტეგრირებული იქნება ქართული. ჩვენი ენა უნიკალურია და მისი პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობაში“, – ამბობს ტატო ნორაკიძე.
[blue_box]ონლაინპლატფორმა Statusdonates.ge[/blue_box]
თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ამისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა – Statusdonates.ge
თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით ხელს უწყობს ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში. თიბისი ისეთი ღონისძიებების პარტნიორია, როგორებიცაა: გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი“ და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.
[blue_box]თიბისი, როგორც დიდი ოჯახი[/blue_box]
26-წლიანი ისტორიის მქონე თიბისის დღეს 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს შეიქმნა თიბისელების ფონდი, რომელმაც ერთმანეთის მხარდაჭერა ტრადიციად აქცია და ჯამურად 4 000 000 ლარზე მეტი გასცა. 2013 წელს კი თიბისის მენეჯმენტის ინიციატივით შეიქმნა მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი.
26 წლის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1 000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, თიბისი ქვეყნისთვის სასიკეთო კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს:
„ყველას გისურვეთ ძლიერ საქართველოში ცხოვრებას. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენთაგანი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.