ახალი ამბები

სესხების პატიების პროცესი 15-31 დეკემბერს წარიმართება – ხუციშვილი

1 დეკემბერი, 2018 • 1722
სესხების პატიების პროცესი 15-31 დეკემბერს წარიმართება – ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის თქმით, სესხების განულების პროცესი შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა მიმართ,  გეგმის შესაბამისად, 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე წარიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილს “სესხის ამომღები” სხვა ორგანიზაციებიც გამოთქვამენ, რომლებიც აქამდე არ იყვნენ მასში ჩართულნი.

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბაზების ფორმირებასთან მიმართებაში. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი კრედიტორებისგან, ესენი არიან კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები, მათგან გამოსყიდული სესხების პატიების პროცესი წარიმართება 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში.

ამასთან, ახალი გარემოებაა ის, რომ დამატებით ათმა სესხის ამომღებმა ორგანიზაციამ სურვილი გამოთქვა რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა. აღნიშნულ კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ მიერ მოწოდებული სესხები შეიძინოს ქართუ ფონდმა და მოხდეს ამ სესხების ჩამოწერაც. აღნიშნული სესხებიც აისახება ერთიან ბაზაში, რომლის გადამოწმებაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება”, – აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის ამ განცხადებამდე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური ვებგვერდი, სადაც სესხების ჩამოსაწერად მოქალაქეთა სია უნდა განთავსდეს, სათანადო ვადებში ვერ მზადდება და შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ განულების პროცესი წლის ბოლომდე ვერ მოესწროს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 19 ნოემბრის განცხადების მიხედვით, 2018 წლის 3 დეკემბრისთვის მზად უნდა იყოს სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა. მინისტრის განმარტებით, 600 ათას ადამიანს, რომლებსაც ვალი ჩამოეჭრებათ, მათ გადასახდელ თანხას მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს.

როგორც მაჭავარიანი განმარტავს, ამ საკითხზე მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომელშიც ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები მონაწილეობდნენ. მისი თქმით, შავ სიაში მოხვედრილი 700 ათასი ადამიანიდან სესხები ჩამოეჭრება 600 ათას ადამიანს, ანუ მათ, ვისი სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. გარდა ამისა, სესხზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს შენატანი და მსესხებელი ირიცხებოდეს ე.წ. შავ სიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი