ვის, როდიდან და რა პროცედურით გაუნულებენ სესხს – მინისტრის განმარტება

საქართველოს ფინასთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, 2018 წლის 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

მინისტრის განმარტებით, 600 ათას ადამიანს, რომლებსაც ვალი ჩამოეჭრებათ, მათ გადასახდელ თანხას მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს. როგორც მაჭავარიანი განმარტავს, ამ საკითხზე მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომელშიც ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები მონაწილეობდნენ.

როგორ მაჭავარიანი ამბობს, შავ სიაში მოხვედრილი 700 ათასი ადამიანიდან სესხები ჩამოეჭრება 600 ათას ადამიანს, ანუ მათ, ვისი სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. გარდა ამისა, სესხზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს შენატანი და მსესხებელი ირიცხებოდეს ე.წ. შავ სიაში.

“ჯამში ძირის, ჯარიმების თანხა არის 1.5 მილიარდი ლარი და ამას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი “ქართუ”,”-აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, ტყუილია ის სპეკულაციები, თითქოს ამ ვალის ჩამოჭრაზე ბიუჯეტის თანხა იხარჯება. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ქართუ მილიონზე მეტ სესხს დააფინანსებს (ამათში იგულისხმება ერთი ადამიანის მიერ აღებული რამდენიმე სესხი).

“ახლა მოხდება ამ ბაზების შეჯერება და ერთიანი დიდი ბაზის გაკეთება. ალბათ, 3 დეკემბრისთვის უკვე იქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ადამიანს შეეძლება შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, ვალის ჩამოჭრა მას ეხება თუ არა. შემდეგ ეს ადამიანი დაუკავშირდება იმ საფინანსო ინსტუტს, ვისგანაც ვალი ჰქონდა აღებული. თავად ტრანზაქცია, ანუ ჩამოწერა 15 დეკემბრიდან განხორციელდება,” – ამბობს მაჭავარიანი.
როგორც მინისტრი განმარტავს, არჩევნების მეორე ტურამდე ტრანზაქცია არ განხორციელდება.

სესხების ჩამოჭრაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

NGO-ები სესხებზე პრემიერის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.