4 წლის შემდეგ ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა. ბოლო ოთხი წელი ის ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ბარნაბიშვილს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 20 წლის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2015-2020 წლებში იყო მინისტრის მოადგილე. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბარნაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა, ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ კი კვლავ ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდა.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც. რევაზ ჯაველიძე, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობაში ადმინისტრაციის უფროსი იყო, უფრო ადრე კი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, თანამდებობიდან 1 მარტს გაათავისუფლეს. ის ჩაანაცვლა მოადგილემ, ილია შამუგიამ.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. ახალი მინისტრის კანდიდატურა ირაკლი კობახიძეს ჯერ არ დაუსახელებია.