ახალი ამბები

სერტიფიცირებული პედაგოგები არაქართულენოვან სკოლებში სახელფასო დანამატს ვერ იღებენ

11 ივნისი, 2014 • • 1490
სერტიფიცირებული პედაგოგები არაქართულენოვან სკოლებში სახელფასო დანამატს ვერ იღებენ

მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგი ნონა არევაძე 2013 წლის იანვრიდან კუთვნილ სახელფასო დანამატს ვერ იღებს. ნონა არევაძე საქართველოში სერტიფიცირებულ პედაგოგთა იმ 25%-ს მიეკუთვნება, ვინც სერტიფიცირების გამოცდა ყველაზე წარმატებულად ჩააბარა. ასეთი პედაგოგების ყოველთვიური სახელფასო დანამატი 1000 ლარს შეადგენს.

 

“ერთი წლის განმავლობაში ვიღებდი სერტიფიცირების დანამატს, 2013 წლის იანვრიდან ვერ ვიღებთ,”- ამბობს ნონა არევაძე. 

 

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ მარნეულის მუნიციპალიტის სოფელ ყულარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მარნეულის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა არევაძეც და სხვა პედაგოგები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს სერტიფიცირების დანამატის მოხსნის შესახებ ესაუბრნენ. პრემიერი მასწავლებლებს დაპირდა, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდებოდა. 

 

კითხვით, რატომ შეექმნა არაქართულენოვანი სკოლების სერტიფიცირებულ პედაგოგებს სახელფასო დანამატის მიღების პრობლემა, “ნეტგაზეთმა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. 

 

წერილობით განცხადებაში, რომელიც სამინისტროდან “ნეტგაზეთს” გამოუგზავნეს, წერია, რომ “პედაგოგებს, რომლებმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას პრეტენზია გამოთქვეს დანამატის მოხსნის თაობაზე, სერტიფიცირება გავლილი აქვთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თუმცა აღნიშნულ საგანს არ ასწავლიან. ისინი არიან პროგრამის, „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მასწავლებლები”.


სამინისტროს განმარტებითვე, რადგან აღნიშნულ პედაგოგებს არ აქვთ საათობრივი დატვირთვა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის, მათ არ ეკუთვნით სერტიფიცირების დანამატი. გარდა ამისა, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ეს პედაგოგები უკვე იღებენ საკმაოდ სოლიდურ თანხას სხვა პროგრამის ფარგლებში.


“პედაგოგი, რომელიც არის სერტიფიცირებული კონკრეტულ საგანში და ასწავლის იმავე საგანს დაწყებით საფეხურზე (I-VI) 13 საათს ან მეტს და მაღალ კლასებში (VII-XII) 15 საათს ან მეტს, მას ანაზღაურება 1000 ლარამდე ევსება. პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მონაწილეობისათვის კი აღნიშნული პედაგოგები იღებენ ანაზღაურებას 1250 ლარის ოდენობით, გარდა ამისა, იღებენ ხელფასს საათობრივი დატვირთვის მიხედვით (სრული დატვირთვის შემთხვევაში 400 ლარზე მეტს) და ქართულის, როგორც მეორე ენის დანამატს – 75 ლარს. შედეგად, პროგრამის, „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მონაწილე პედაგოგების ჯამური ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში 1725 ლარია. ამ მიმართულებით სერტიფიცირება წელს გეგმიურად პირველად ჩატარდება და სერტიფიცირების დანამატიც განისაზღვრება,”- წერია სამინისტროს განმარტებაში. 

 

“სერტიფიცირებასთან პროგრამა “ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” არანაირ კავშირში არ არის. მე ამ პროგრამის ფარგლებში ცალკე გამოცდები ჩავაბარე და ცალკე კონკურსები გავიარე,”- ამბობს ნონა არევაძე, რომელიც გეგმავს განათლების სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვოს ინფორმაცია დანამატის მიღების შეწყვეტის მიზეზის შესახებ. 


გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს, რომ არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირების დანამატს 2013 წლამდე იღებდნენ, თუმცა პედაგოგი ნონა არევაძე ამბობს, რომ გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს საბანკო ანგარიშების გადამოწმებით შეუძლიათ. 


მასალების გადაბეჭდვის წესი