ახალი ამბები

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

15 მაისი, 2014 • • 995
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

როგორც კანონპროექტის ინიციატორი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე აღნიშნავს, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები:


“ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ასეთი ლეგიტიმური მიზნებია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობის და დანაშაულის თავიდან აცილება და ა.შ. გარდა ამისა, აქამდე არ იყო განსაზღვრული დანაშაულთა კატეგორიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ფარული ღონისძიებების განხორციელება, ახლა კი ეს განისაზღვრა.”

 

ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება ის წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია ფარული მოსმენა განხორციელდეს. შავგულიძის განამარტებით, ეს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირია, ან პირი, რომელსაც პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს კომუნიკაციის განსახორციელებლად.  

 

“პროკურატურის შუამდგომლობაშიც და მოსამართლის განჩინებაშიც იყოს დასაბუთებული, რომ ფარული მიყურადება წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას მიზნის მიღწევისთვის. გარდა ამისა, დაცული უნდა იქნას შეტყობინების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, ოდესმე ამის შესახებ უნდა ეცნობოს და  გასაჩივრების უფლებაც განემარტოს მას.”

 

დეპუტატის თქმით, საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების გაზრდა და ის არა მთავრობის, არამედ პარლამენტის მიერ უნდა იქნას არჩეული:

 

“ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, რაც გამორიცხავს კითხვებს მის მიერ  ხელისუფლების გაკონტროლებასთან დაკავშირებით.”

იურიდიული კომიტეტი - ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე ალექსანდრე ბარამიძე
იურიდიული კომიტეტი – ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე ალექსანდრე ბარამიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი