ახალი ამბები

რატომ არ სურთ ენმ-ისა და ევროპული საქართველოს წევრებს გადასატანი ყუთის წაღება?

28 ოქტომბერი, 2018 • 1303
რატომ არ სურთ ენმ-ისა და ევროპული საქართველოს წევრებს გადასატანი ყუთის წაღება?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ვაკის #71, გლდანის #15  და #96, კრწანისის #9, #32, სამგორის #92 უბნებზე.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” და “ევროპულ საქართველოში” ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საარჩევნო კომისიებში თითო წევრი ჰყავთ და არ უნდათ, უბანს გაერიდონ.

“პრობლემა ის არის, რომ კომისიებში ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ერთი წევრია წარდგენილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი  ადგილზე იყვნენ, რომ უბანზე გაყალბება არ მოხდეს. რა სავალდებულოა, რომ მიიღონ ყუთის გადატანაში მონაწილეობა?! ამის არანაირი ვალდებულება არ აქვთ. რიგ შემთხვევებში ყუთის წამღებ კომისიის წევრების წილისყრაში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ როცა ამას არ აკეთებენ, ჩემი აზრით, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას იღებენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ.

იგივე პოზიცია აქვთ “ევროპულ საქართველოშიც”, სადაც აცხადებენ, რომ კომისიის წევრის მხრიდან გადასატანი ყუთის წაღებაში მონაწილეობაზე უარის თქმა კანონდარღვევა არ არის.

“იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ, საუბნო  კომისიის წევრებს უნდოდათ, რომ  უბანზე დარჩენილიყვნენ და არ დაეშვათ ადგილზე დამატებითი მანიპულაციები და გაყალბება. ეს იყო მათი მოტივაცია და ჩვენ ვფიქრობთ, ეს სწორი მოტივაციაა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” სპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ.

მისი თქმით, ხშირი არაა შემთხვევები, როდესაც “ევროპული საქართველოს” წევრები საარჩევნო კომისიებში უარს ამბობენ გადასატანი ყუთის წამღებ კომისიაში მონაწილეობაზე, მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც  განსაკუთრებით მაღალია უბანზე მანიპულაციის საფრთხე.

ცნობისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით ავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს. თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი