ახალი ამბები

არ მოსწონდათ ზურაბიშვილი და არ იცავდნენ – წულუკიანის მორიგი კრიტიკა არასამთავრობოებისადმი

22 მარტი, 2019 • 1716
არ მოსწონდათ ზურაბიშვილი და არ იცავდნენ – წულუკიანის მორიგი კრიტიკა არასამთავრობოებისადმი

იუსტიციის მინისტრმა ქართული არასამთავრობო ორგანზიაციების ნაწილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თბილისში დღეს, 22 მარტს გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიებას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატებიც.

“არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მე პირადად მოვუწოდე, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, რომ დაეგმოთ და ჩართულიყვნენ კამპანიაში გენდერული ნიშნით კანდიდატზე თავდასხმის წინააღმდეგ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიპასუხეს, რომ ისინი თავად გადაწყვეტდნენ, ჩართულიყვნენ თუ არა ქალი კანდიდატის წინააღმდეგ გენდერული ნიშნით თავდასხმების აღსაკვეთად კამპანიაში”, – თქვა წულუკიანმმა.

მინისიტრის მოსაზრებით, არასამთავრობოებმა “არაფერი, ან ძალიან ცოტა გააკეთეს იმისთვის, რომ ქალი კანდიდატი გენდერული თავდასხმებისგან დაეცვათ.”

“მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა უწყებათაშორის კომისიას, იმიტომ, რომ როგორ აკადრეს და მტკიცებულება მოსთხოვეს,  მათ არ მოსწონდათ პოლიტიკურად ქალბატონი სალომე და მას არ იცავდნენ, ან არასათანადოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, მათ აკლდათ ნეიტრალიტეტი და მათ აკლდათ პროფესიონალიზმი,“ – თქვა თეა წულუკიანმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამო. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიაციებმა “თავდასხმად” არაერთხელ შეაფასეს  ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით

სამი NGO გამოჭერილი იქნა ტყუილში – თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი