ახალი ამბები

საქართველოში ინტერნეტის მთავარი გამოწვევა ტროლები და ყალბი ამბებია – Freedom House

5 ნოემბერი, 2019 • 2171
საქართველოში ინტერნეტის მთავარი გამოწვევა ტროლები და ყალბი ამბებია – Freedom House

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტი საქართველოში, გასული წლის მსგავსად, “თავისუფლად” არის შეფასებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ციფრული უფლებები გარკვეულწილად დაცულია, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი დასახელებულია ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, გარანტირებულია ინტერნეტთან წვდომის უფლება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ანგარიშში საუბარია საფრთხეებზეც, რომელიც შეიძლება საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებას დაემუქროს.

“ტროლები და ბოტები, რომლებიც ძირითადად საქართველოს მთავრობასთან არიან დაკავშირებული, განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2018 წლის ივნისის საპროტესტო აქციებისას და საპრეზიდენტო არჩევნებს დროს” ,- წერია საქართველოს შესახებ გამოქვენყებულ ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში შეურაცხყოფამ ამ მოვლენების შემდეგ განგრძობადი სახე მიიღო.

როგორც Freedom House აღნიშნავს, საქართველოში რეგულარულად იმართება კონკურენტუნარიანი არჩევნები და ქვეყნის დემოკრატიაში შეიმჩნეოდა გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლების ხელისუფლების ცვლილების პერიოდში.

“თუმცა ბოლო წლებში პროგრესი შეჩერდა. ოლიგარქიულ აქტორებს აქვთ გადამეტებული გავლენა პოლიტიკურ არჩევანსა და პოლიტიკაზე, კანონის მმართველობა კი ფერხდება პოლიტიკური ინტერესების გამო”, – წერს Freedom House.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოყოფილია 3 ძირითადი მოვლენა, რომელიც საანგარიშო პერიოდში (1 ივნისი, 2018 – 31 მაისი, 2019) დაფიქსირდა:

  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საინფორმაციო სივრცე ანონიმური აქტორების მიერ გავრცელებული ყალბი ამბებით იყო გაჯერებული;
  • 2018 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ინტერნეტზე წვდომა ფუნდამენტურ უფლებად გამოცხადდა;
  • პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას შესახებ გავრცელებული სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომელიც სოციალურ მედიაში 2019 წლის იანვარში გავრცელდა და, როგორც ჩანს, აღნიშნული მოვლენა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. თებერვალში კი აქტივისტ ხატია ახალაიას, რომელიც სკოლებში სექსუალური განათლების შეტანას ითხოვს, სოციალურ ქსელებში გაუპატიურებითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ.

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიშის მიხედვით, განხილული 65 ქვეყნიდან 33 ქვეყანაში თავისუფლების ინდექსის კლება აღინიშნება. ამ მხრივ განსაკუთრებული რეგრესი არის სუდანში, ყაზახეთში, ბრაზილიაში, ბანგლადეშსა და ზიმბაბვეში. ჩინეთი კი კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე დიდ დამრღვევებს შორის.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, მხოლოდ 16-მა ქვეყანამ მოახერხა ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის გაზრდა. ისლანდია კი მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების საუკეთესო დამცველი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი