საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 25 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდის თხოვნით მიმართა. მანვე მედიასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.
როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი, რომელსაც საქართველო ღირსეულად ჩააბარებს.
მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ და გამჭვირვალე, დემოკრატიულ გარემოში. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ბოლომდე ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ბახტაძის განმარტებით, შსს-ს დაავალა, საარჩევნოდუზრუნველყოს წესრიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მოქალაქეებმა თავისანთი არჩევანის თავისუფლად გაკეთება შეძლონ.
პრემიერმა მოუწოდა ყველას, თითოეულ საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით, ზეპირ განცხადებებთან ერთად, შეიტანონ საჩივრები სამართლებრივად, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს რეაგირების ბერკეტები.
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რომელშიც 25 კანდიდატი მონაწილეობს. საქართველოს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი წესით. შემდეგ პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს.